"თუ არ შეიცვლება სულისკვეთება და იქნება ასე, რომ ჩვენ გვაქვს პულტები და ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, ჩვენ ვერ მივიღებთ მოქმედ კონსტიტუციას", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ამ წლის დასაწყისში, როდესაც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, მთელ საზოგადოებას მოვახსენე ამ კომისიის სულისკვეთებიდან გამომდინარე, რა შედეგები ექნებოდა ამ კომისიის მუშაობას და მიუხედავად იმისა, რომ ენთუზიაზმი მაშინ ძალიან მაღალი იყო ამ კომისიაში, სამწუხაროდ, ბოლომდე დამაკლდა ის, რაც ვუთხარი მთელ საზოგადოებას, რომ ასეთი სულისკვეთებით შექმნილი კომისია დაასრულებდა ისე, როგორც დაასრულა სულ რამდენიმე თვეში და დაასრულა ნულოვანი კონსესუსით, დაასრულა ფაქტიურად ჩაკეტილი პროცესით. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, პროექტის სახით, მაგიდაზე გვედო ნულოვანი კონსესუსი, დოკუმენტი, რომელსაც მარტო ერთი პარტია აწერდა ხელს, მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად რეკორდული სისწრაფით, ორი მოსმენით მიიღო პროექტი, რითიც პოლიტიკური პროცესი შეიყვანა სრულ ჩიხში.
მივესალმები კონსულტაციებს, თუმცა ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ არ შეიცვლება სულისკვეთება და იქნება ასე, რომ ჩვენ გვაქვს პულტები და ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ, ჩვენ ვერ მივიღებთ მოქმედ კონსტიტუციას. მე მივესალმები კონსულტაციებს, მაგრამ ამავე დროს, ყურადღებით ვაკვირდები არსებულ პროცესს", – აცხადებს მარგველაშვილი.