- Advertisement -

მარგველაშვილი: პარტიისთვის, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, განსხვავებული აზრი დასაცინია

449

 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საქართველომ ბრეჟნევის დროინდელი აზროვნება ვერ დაძლია.

მისი თქმით, პარტიისთვის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას მოიპოვებს, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელი და დასაცინია. 

"მთელი ბავშვობა კიროვის პარკის შესასვლელთან იყო დიდი პლაკატი, ბრეჟნევი ხელს გვიქნევდა და ეწერა "პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა" ეს იყო შეჯამება იმ აზროვნების, რომ მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა, პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი. 

ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავძლიეთ და მუდმივად, პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მუდმივად ამ პარტიისთვის ნებისმიერ განსხვავებული აზრი არის მიუღებელი, არაგასათვალისწინებელი, დასაცინი.

საარჩევნო კანონს რომ შევხედოთ, ნახეთ რაზეა საუბარი, ძალიან ღიად საუბრობენ "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები, ბონუსი მთავრობას სჭირდებაო, იმისთვის, რომ იყოს სტაბილური ხელისუფლება. ანუ თუ პარლამენტში რამდენიმე პარტიაა და უნდა შექმნან კოალიცია, თურმე ეს არის ცუდი. აი ეს აზროვნების ფორმა, რომ ვინმესთან თუ შენ უნდა მოილაპარაკო რაღაც თემაზე, თურმე ეს ყოფილა ცუდი, ქვეყნის სისუსტე, მაგრამ ერთი პარტია თუ არის ძლიერი, ეს არის კარგი. ამ დროს მთელი ევროპული პოლიტიკა სწორედ მოლაპარაკებებზე დგას", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-თან. 

Comments
Loading...