- Advertisement -

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედება 2017 წლის 1 ივლისს იგეგმება

730

მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ამოქმედება 2017 წლის 1 ივლისს იგეგმება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, 2017 წლის 1 ივლისს პირს, რომელსაც მართვის მოწმობა აქვს დაერიცხება 100 ქულა. 2018 წლის 1 იანვრიდან კი ეს ქულები განულდება და ისევ 100 ქულა დაირიცხება.

„1 ივლისს ყველას დაერიცხება 100 ქულა. ეს იქნება ბევრი ნახევარ წელში, რადგან მოქალაქეები მიეჩვიონ ამ ქულების გამოყენებას და დაზოგვას. შემდეგი წლის იანვრიდან ისევ 100 ქულა დაირიცხება“, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, როდესაც პირს მართვის მოწმობაზე ქულები 50-მდე შეუმცირდება, მიუვა მოკლეტექსტური შეტყობინება. SMS-ს მიიღებს ასევე 20 ქულის დარჩენის შემთხვევაში, ქულების განულების შემთხვევაში კი, პირი მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი მართვის მოწმობა არის შეჩერებული. ამის შემდეგ მძღოლს შეუძლია მეორე დღესვე ჩააბაროს გამოცდა და დაიბრუნოს მართვის მოწმობა, თუმცა მას ამის შესაძლებლობა წელიწადში ერთხელ ექნება, ან 1 წლის შემდეგ მას მართვის მოწმობა 100 ქულით ავტომატურად აღუდგება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ცვლილებების თანახმად, ნასვამ მძღოლს მართვის მოწმობა მაშინვე ჩამოერთმევა და მასზე ქულათა სისტემა არ იმოქმედებს.
როგორც შალვა ხუციშვილი აცხადებს, დღეს მოქმედი კანონით, როდესაც მოქალაქეს მართვის მოწმობა ნასვამობის გამო ჩამოერთმევა, მას მეორე დღესვე შეუძლია გადაიხადოს ჯარიმა და მართვის მოწმობა დაიბრუნოს, იმ შემთხვევაში თუ მანამდე დიდი დარღვევები არ აქვს და ეს პირველი სიმთვრალეა.

კანონპროექტის თანახმად კი, როდესაც მძღოლს ნასვამობის გამო მართვის მოწმობა ჩამოერთმევა, მას 3 თვის განმავლობაში მისი დაბრუნება არც ჯარიმის გადახდით და არც გამოცდის ხელახლა ჩაბარებით არ შეეძლება.

„ამაზე მეტად გამკაცრება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

Comments
Loading...