- Advertisement -

მარია გაბრიელი: მარტის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად იმოგზაურებენ

688

 

"მარტის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად მოგზაურობას შეძლებენ",-ამის შესახებ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტარმა, მარია გაბრიელმა ბრიუსელში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას "ისტორიული მნიშვნელობა" აქვს.

"დღევანდელ დღეს ისტორიული მნიშვნელობა აქვს, როგორც ჩვენთვის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ეს საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოს ოფიციალური აღიარებააა. ეს ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების მკაფიო სიგანლია. საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენთვის მთავარი პარტნიორი ქვეყანაა. მესმის, რომ ეს პროცესი ხანგრძლივი ჩანდა, მაგრამ ევროპარლამენტში ყველაფერი გავაკეთეთ ამის დასაჩქარებლად. დღეს ჩვენ საბოლოო ნაბიჯთან ყველაზე ახლოს ვართ, რადგან მარტის ბოლოს საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად მოგზაურობას შეძლებენ. ეს გრძელი, მაგრამ კარგი გზა იყო ერთმანეთის უკეთ გასაცნობად",-განაცხადა მარია გაბრიელმა.

ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე დოკუმენტს ხელი დღეს, 1 მარტს მოეწერა. ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართა. ისტორიულ დოკუმენტს ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა. ხელმოწერილი რეგულაცია 9 მარტს გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში და 20 დღეში ძალაში შევა თავისუფალი მიმოსვლა.

ბრიუსელში ოფიციალურ ცერემონიას პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება. ხელმოწერის ცერემონიის შედეგ, საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის თავმჯდომარე, ანტონიო ტაიანის შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

Comments
Loading...