- Advertisement -

მედვედევი: აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო

374

 

რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტის მიღებით, რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადა და რუსეთის ხელისუფლებას ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესების იმედი აღარ აქვს.

"პირველ რიგში, წერტილი დაესვა ჩვენი ურთიერთობის გაუმჯობესებას ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. მეორე კი ისაა, რომ ამით რუსეთს სრულფასოვან სავაჭრო ომს უცხადებენ", – წერს თავის ფეისბუქზე მედვედევი.

პრემიერის მოსაზრებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სრული უძლურების დემონსტრირება მოახდინა და ყველაზე დამამცირებელი სახით კონგრესს გადასცა აღმასრულებელი უფლებამოსილებანი.

"ამერიკულმა ესტაბლიშმენტმა აშკარად მოუგო ტრამპს. პრეზიდენტი ახალის სანქციებით გახარებული არაა, მაგრამ არ შეეძლო, რომ ხელი არ მოეწერა კანონისთვის. ახალი სანქციების თემა, პირველ რიგში იმისთვის წამოიჭრა, რომ ტრამპი თავის ადგილზე მოესვა. წინ კი ახალი მიდგომებია, რომელთა მიზანსაც მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება წარმოადგენს. არასისტემური მოთამაშე ლიკვიდირებული უნდა იქნას", – წერს მედვედევი.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტს მოაწერა ხელი და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ანტიკონსტიტუციურ ნორმებს შეიცავს.

"მე მხარს ვუჭერ მკაცრ ზომებს, რათა დაისაჯოს ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის აგრესიული და დესტაბილიზაციური ქმედებები და ამავდროულად მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტს აქვს ნაკლი. კონგრესმა ნაჩქარევად მიიღო ეს კანონი და მასში რამდენიმე აშკარა არაკონსტიტუციური ნორმაა", – აღნიშნავს ტრამპი.

აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგა ითვალისწინებს ზომების მიღებას.

ახალ კანონპროექტში მთავარი ისაა, რომ იგი აშშ-ის პრეზიდენტს, კონგრესის თანხმობის გარეშე ართმევს სანქციების გაუქმების უფლებას.

ახლა უკვე იმისათვის, რომ აღნიშნული სანქციები გაუქმდეს, პრეზიდენტმა დეტალურად დასაბუთებული მოთხოვნა უნდა გააგზავნოს ორივე პალატის სპეციალიზირებულ კომიტეტში, რომელიც მას 30 დღის განმავლობაში განიხილავს, ხოლო შემდეგ ან დაეთანხმებიან პრეზიდენტის მოთხოვნას, ან – არა.

Comments
Loading...