- Advertisement -

მერია: ბაღის დირექტორს და აღმზრდელს დროებით უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ

346

თბილისის მერი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ავალებს, რომ ბაღიდან ბავშვის გადმოვარდნის ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"გვინდა, გამოვეხმაუროთ ფონიჭალაში მდებარე 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ძალისხმევას არ იშურებს ქალაქის მასშტაბით არსებულ ბაღებში უსაფრთხო გარემოსა და სივრცის შესაქმნელად, მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა, რაც ყოვლად გაუმართლებელია. ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და აღსაზრდელი ინგოროყვას კლინიკაში საჭირო სამედიცინო პროცედურებს გადის. თბილისის მერია გმობს მომხდარს და მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

ამასთანავე, თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე. მოვუწოდებთ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თავი შეიკავონ არაეთიკური განცხადებებისგან. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ითანამშრომლებს გამოძიებასთან",- ნათქვამია განცხადებაში.

თბილისში, ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი დღეს დილით გადმოვარდა.

Comments
Loading...