- Advertisement -

მერია: ზესტფონის ქუჩაზე კორპუსის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები 10 დღეში დასრულდება

637

ნაძალადევის რაიონში, ზესტაფონის №19ა-ში კორპუსის დაზიანებული ნაწილის გამაგრება გრძელდება. გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. საცხოვრებელი შენობის მდგომარეობას მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თექვსმეტსართულიანი კორპუსის სვეტზე ბზარები გუშინ გაჩნდა, რის გამოც შენობის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება გახდა საჭირო. მერიის ინფორმაციით, გუშინვე განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია. ოჯახები, რომლებსაც ალტერნატიული საცხოვრებელი არ აქვთ, დროებითი ფართით გამგეობამ უზრუნველყო და სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა.

მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობა საკუთარ ბინებში დაბრუნებას კორპუსის დაზიანებული კოლონის შეკეთების შემდეგ შეძლებს. თბილისის მერიის მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნის მიხედვით, კორპუსის მდგომარეობა მე-3 კატეგორიის ავარიულობით შეფასდა. შენობის ფრაგმენტის დაზიანების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

რამდენიმე დღეში დაიწყება კორპუსის მდგომარეობის საფუძვლიანი შესწავლა. ზესტაფონის №19ა-ში გამაგრებით სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს.

Comments
Loading...