- Advertisement -

მეტროსადგურში დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს

276

თბილისის მერმა კახა კალაძემ მეტროსადგურ ''ვარკეთილში'' დაშავებული მოქალაქეები მოინახულა, რომლებიც თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან მოთავსებული.

დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს.

„დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ. მკურნალობის ყველა ხარჯს ჯანდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია აანაზღაურებს. მინდა, თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა ვუსურვო. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი თავდაპირველად, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ იმყოფებოდა, სადაც მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

Comments
Loading...