- Advertisement -

მეუფე დიმიტრი: ის რომ ჩემი და პრემიერის შეხვედრის შემდეგ დეკანოზს ბრალი დაუმძიმდა ჟურნალისტების ფანტაზიაა

429

ბათუმის და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი პრემიერსა და მას შორის შეხვედრის შემდეგ დაუმძიმდა ტყუილი და ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია.

„ზემო აჭარაში ტრაგედიის დღეს 19 აპრილს ჩემთან იყო პრემიერმინისტრი, ასევე შეხვდა ადგილობრივ მღვდელმთავარს, შემდეგ მოისურვა ჩემთან შეხვედრა. ასე რომ ამაში განსაკუთრებული და გასაიდუმლოება არაფერია, ეს ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია. იქ არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი, რა თქმა უნდა იყო ამ საკითხზე საუბარი, რამაც მითქმა-მოთქმა, მიკიბ-მოკიბვა გამოიწვია, ვითომ ამის შემდეგ დამძიმდა დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს მდგომარეობა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ჩემი სიძე, სოსო ოხანაშვილი გადარჩენილიყო და ამის გამო გავწირე მამა გიორგი მამალაძე, ამას ვერაფრით ვიზამდი, რადგან ადამიანი რომ გაწირო, თანამონაწილე უნდა იყო. მე თანამონაწილე არ ვყოფილვა ყოველივე ამისა.

რაც შეეხება სოსო ოხანაშვილს, თუ გაიხსენებთ თავიდანვე, ჯერ კიდევ გერმანიიდან გავაკეთე განცხადება, რომ ვინც არ უნდა იყოს ამ საქმეში ჩართული განურჩევლად სოციალური სტატუსისა, ამაში ჩემ სიძესაც ვგულისხმობდი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ძალინ საშიშ და მძიმე ბრალდებასთან, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს", – განაცხადა მეუფემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე, ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდების ნაწილში მუხლი გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო 9 წლით თავისუფლების აღკეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა "ციანიდის საქმის" გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განაცხადა, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლომ წარდგენილი ბრალდება სსკ-ის 18-109 მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივით განზრახ მკვლელობის მომზადება და მის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

Comments
Loading...