- Advertisement -

მექვაბიშვილი: უნდა გაიზარდოს საპარლამენტო კონტროლი ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაზე

352

გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა, პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი მექვაბიშვილმა ყურადღება იმ ოთხ ძირითად პრინციპზე გაამახვილა, რომელთა საფუძველზეც გენერალური აუდიტორი აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებაზე იზრუნებს.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტს ნდობისთვის და მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვით, რომ გენერალური აუდიტორის პოზიცია არის ძალიან საპასუხისმგებლო, მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენი საქმიანობა დაფუძნებული იქნება იმ ოთხ ძირითად ღირებულებაზე, რომელიც კანონით არის გამყარებული. ეს არის ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი და საჯაროობა. ვფიქრობ, რომ აუდიტის სამსახური, როგორც ინსტიტუტი, როგორც სტრუქტურა არის ჩამოყალიბებული. მე, როგორც გენერალური აუდიტორი ვიზრუნებ მის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებაზე სამსახურის. თითქმის ის 25 წლიანი გამოცდილება, რაც მაქვს დაგროვილი საბანკო-საფინანსო სექტორში საქართველოში, უცხოეთში, ჩვენს რეგიონში მუშაობის დროის, მოხმარდება ჩვენი სამსახურის თვისობრივად გარდაქმნას",-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

გენერალურმა აუდიტორმა იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა საშუალებითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური გეგმავს საქმიანობას. ირაკლი მექვაბიშვილმა ყურადღება აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის ურთიერთობის და საპარლამენტო ზედამხედველობის კონტროლის გაძლიერების მნიშვნელობას დაუთმო.

"მე მაქვს რამდენიმე მიმართულება, რაზეც ვფიქრობ, რომ უნდა გაძლიერდეს ჩვენი საქმიანობა. ეს იქნება ეფექტიანობის აუდიტის როლის ამაღლება, ვინაიდან, საფინანსო-საბუღალტრო აუდიტთან ერთდ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ რა მიზნობრიობით და რამდენად ეკონომიურად და ეფექტურად იხარჯება სახელმწიფო სახსრები როგორც ცენტრალური ბიუჯეტის დონეზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველი სტრუქტურების დონეზე. მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ურთიერთობა პარლამენტთან. უნდა გაიზარდოს საპარლამენტო კონტროლი ჩვენი რეკომენდაციების შესრულებაზე, ვინაიდან, ვიცი, რომ რეაგირების კოეფიციენტი რეკომენდაციების შესრულებაზე არის დაბალი და ვფიქრობ, ერთობლივად შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმს, რომ ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც იდება, იხილება, შესრულდეს რამდენადაც შესაძლებელია. ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ სისტემურ რისკებს პირველ რიგში და ვაძლევთ რეკომენდაციას პარლამენტს, საკანონმდებლო სტრუქტურას და ასევე აღმასრულებელ სტრუქტურას, რომ მოხდეს ამაზე რეაგირება და აღმოფხვრა,“-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, აუდიტის სამსახურის საქმიანობა აგებული იქნება პრევენციაზე და ის არ იქნება სადამსჯელო სტრუქტურა.

"აუდიტის სამსახური არ უნდა იყოს რამე სადამსჯელო სტრუქტურა, ჩვენი საქმიანობა უნდა იყოს პრევენციაზე აგებული და ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი რეკომენდაციების შესრულება. თუმცა, ბუნებრივია, თუ ჩვენ ვნახავთ, რომ რაიმე კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, ადეკვატურად შეფასდება და მოხდება მყისიერი რეაგირება. ბუნებრივია არ არსებობს ალტერნატივა, რომ ჩვენ რაიმე დათმობაზე წავიდეთ,“-განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, მისი საქმიანობა აღნიშნულ პოზიციაზე იქნება ნაყოფიერი და ეფექტური.

"ვფიქრობ, რომ ჩვენი საქმიანობა იქნება ნაყოფიერი, ეფექტური, რომ ჩვენი სამსახური ნამდვილად გახდეს ინსტიტუციონალურად ძლიერი და საჯარო სექტორში სამაგალითო სამსახური",-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი 20 სექტემბერს, 80 ხმით დაამტკიცა.

Comments
Loading...