- Advertisement -

“მე ჯანმრთელი, ახალგაზრდა, შრომისუნარანი დედა ვარ, თუმცა აუტიზმი განაჩენი აღმოჩნდა ჩვენთვის”

819

"მე, ჯანმრთელი, ახალგაზრდა, შრომისუნარიანი დედა ვარ, რომელსაც უნდა იბრძოლოს თავისი შვილისთვის, თუმცა აუტიზმი განაჩენი აღმოჩნდა ჩვენთვის, განაჩენი, რომლის მიხედვითაც შინაპატიმრობა მოგვესაჯა",-ეს სიტყვები 11 წლის ბავშვის მშობელს, ნათია ლომიძეს ეკუთვნის. ნათია ლომიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი სახელმწიფოს სერვისებით ვერ სარგებლობს, დედა-შვილს მუდმივად სახლში უწევთ ყოფნა.

დედა ამბობს, რომ შვილს თავისი შრომით არჩენდა, თუმცა ახლა იმისთვის, რომ მათ არ შესცივდეთ და ღია ცის ქვეშ არ დარჩნენ, მათ მეგობრებს უწევთ ზრუნვა. ნათია ლომიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ საშუალება მისცენ, თავად იზრუნოს საკუთარ შვილზე. 

"მე, ნათია ლომიძემ, 33 წლის , ერთადერთი შვილის, 11 წლის საბა ქუთელიას მარტოხელა დედამ, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, გადავწყვიტე გამეკეთებინა საქველმოქმედო ნომერი საბას სახელზე. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ყოველთვიურად, ჩემს მეგობრებს უწევთ კომუნალური გადასახადებისთვის და საკვებისთვის მომიგროვონ თანხა. სახელმწიფო არანაირი სერვისით არ უზრუნველყოფს ჩემს შვილს, საბა არ დადის დღის ცენტრში და იმის გამო, რომ მარტო ვერ ვტოვებ, ვსხედვართ მთელი დღე სახლში და ფანჯრიდან ვუყურებთ ცხოვრებას, რომელიც უჩვენოდ გადის…

ათასი მადლობა ყველა იმ ადამიანს რომელიც ერთხელ მაინც დაგვეხმარა, თქვენი თანადგომით გვიდგას სული, მაგრამ მცხვენია, მცხვენია ჩემი მეგობრების, რომლებსაც ყოველთვიურად უწევთ იმაზე ზრუნვა, რომ მე და საბა არ დავრჩეთ ქუჩაში, არ მოგვშივდეს და არ შეგვცივდეს.
მე მათხოვარი არ ვარ! მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და ჩემი შრომით ვარჩენდი ჩემს შვილს, რომელზე ძვირფასიც არავინ მყავს დედამიწაზე. მე, ჯანმრთელი, ახალგაზრდა, შრომისუნარიანი დედა ვარ, რომელსაც უნდა იბრძოლოს თავისი შვილისთვის, თუმცა აუტიზმი განაჩენი აღმოჩნდა ჩვენთვის, განაჩენი, რომლის მიხედვითაც შინაპატიმრობა მოგვესაჯა.

დაგვირეკეთ ხოლმე ამ ნომერზე მე და საბას, ვისაც სურვილი და ამის შესაძლებლობა გექნებათ, იქამდე, სანამ საბას პრობლემებს მოვაგვარებ და მუშაობას შევძლებ. ათასი მადლობა თქვენ, ადამიანებო, თანადგომისთვის და სიყვარულისთვის. იმედი მაქვს, დადგება დღე, როცა ეს ნომერი აღარ დამჭირდება იმისთვის, რომ შვილს საჭმელი ვაჭამო, იმედი მაქვს, როდესმე მეც შევძლებ სხვების დახმარებას.

მანამდე კი, მინდა ვუთხრა ჩვენს მთავრობას და განსაკუთრებულად ჯანდაცვის სამინისტროს, მე მათხოვარი არ ვარ! მომეცით საშვალება თავად მივხედო საბას",-წერს ნათია ლომიძე. 

ნათიას და საბას დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ლიბერთი ბანკში ჩარიცხონ: GE26LB0711130885770000; მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის: 0901701277

"აიპრესი" 11 წლის საბას შესახებ ადრეც წერდა. საბა 4 წელი დადიოდა დღის ცენტრში, თუმცა, მას შემდეგ რაც ბავშვის ქცევის მართვა ვეღარ შეძლეს დედა-შვილი სახლში არიან. საბას რამდენჯერმა მოუწია ფსიქიატრიულში გადაყვანა და როგორც ნათია ლომიძე ამბობს, ბავშვის მდგომარეობა იმიტომ რთულდება, რომ მას არანარი კონტაქტი არ აქვს გარესამყაროსთან. მისივე თქმით, საბა შინ მოვლის პროგრამით სარგებლობს, თუმცა, ეს პროგრამა მისი შვილის საჭიროებებზე მორგებული არაა. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა აბაშიძე, რომელიც ამავე დროს საბას ინტერესებს სასამართლოში იცავს, ამბობს, რომ ფსიქიკური გამოწვევის მქონე ბავშვების მიმართ სახელწმიფოს პოზიცია დისკრიმინაციულია, ამიტომ სასამართლოში ამ სერვისების მოდიფიცირებას ითხოვს. „საბას სიტუაცია ერთი წინადადებით რომ დავასათაუროთ ასეთია: სახელმწიფოს აქვს დისკრიმინაციული პროგრამები, რაც გულისხმობს იმას, რომ საბას მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ვერ სარგებლობენ იმ პროგრამებით, რომელიც სახელმწიფოს დღეს აქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. ეს ცალსახად დისკრიმინაციაა",-ამბობს ანა აბაშიძე.  ანა აბაშიძის ინფორმაციით, მოპასუხე მხარე საქართველოს მთავრობაა, მესამე პირად პროცესში ასევე ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო.

"აიპრესი" მაშინ ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. როგორც  სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნინო ოდიშარია განმარტავს, რომ საბა სერვისის გარეშე არ დარჩენილა და შინ მოვლის პროგრამა, რომელსაც მას სთავაზობენ,  საკმაოდ კარგი სერვისია.

"ჩვენ ერთ-ერთი ჩვენი ქვეპროგრამის ბინაზე მოვლის ფარგლებში ჩავრთეთ საბა და მას მიეწოდება სხვადასხვაგვარი სერვისები სახლში. ეს არის მისი მოვლა, დახმარება კვებაში, მისი განვითარება, პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა. საბა არ დარჩა სერვისის გარეშე, ამის თქმა არასწორი იქნება",-აცხადებდა ნინო ოდიშარია. 

11 წლის საბას ამბავი – რას სთავაზობს სახელმწიფო ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ბავშვებს

შშმ ბავშვის მშობელს, რომელიც კანცელარიასთან შიმშილობდა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხვდებიან

Comments
Loading...