- Advertisement -

მთავრობის დადგენილება: რა სახის საჩუქრების მიღება შეუძლია საჯარო მოხელეს

763

საჯარო მოსამსახურეებს და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს საჩუქრის მიღება ეზღუდებათ.

მთავრობამ საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ დადგენილება გამოსცა, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.

დადგენილების თანახმად, საჯარო მოსამსახურემ არ უნდა მიიღოს ისეთი საჩუქარი, რომელმაც შესაძლოა, გავლენა მოხდინოს მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე, ან რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მის კეთილსინდისიერებას და ვალდებულს გახდის საჩუქრის მიმცემის წინაშე.

საჯარო მოსამსახურის მიერ სააგანრიშო წლის განმავლობაში ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს. ერთჯერადად ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 5%-ს.

საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ სააგნარიშო წლის განმავლობაში ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ სააგნარიშო წლის განმავლობაში ერთჯერადად ერთი წყაროდან მიღებული საჩუქრის ღირებულება ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს.

საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაზე გავლენას არ მოახდენს შემდეგი საჩუქრის მიღება:

ტრანსპორტირების, საცხოვრებლის ან/და კვების ხარჯები, რომლებიც გამოყოფილია: სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დაგეგმილ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის; საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული განვითარების მიზნით ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობისათვის; საჯარო დაწესებულების სახელით დღესასწაულებზე მიღებული საჩუქარი ან/და მისალოცი ბარათი, რომელიც არ წარმოადგენს საერთო წესიდან გამონაკლისს; ქველმოქმედების მიზნით (ავადმყოფობა, სტიქიური უბედურება, ეპიდემია და სხვა) მიღებული ფულადი ან სხვა სიკეთე; ფულადი ან სხვა სახის მატერიალური დახმარება მორალური მხარდაჭერის, თანაგრძნობის ან/და წახალისების მიზნით; ასევე საჯარო სამსახურში დამკვიდრებული ტრადიციებისამებრ მნიშვნელოვანი თარიღების (ქორწინება, დაბადების დღე და სხვა) აღსანიშნავად; მოსაწვევები ან/და ბილეთები, რომლებიც არ წარმოადგენენ საერთო წესიდან გამონაკლისს; საჩუქრები და პრიზები, რომლებიც გადაეცემა კონკურსებსა და ღონისძიებებში მონაწილეობისას; სუვენირი ან სხვა სახის სიმბოლური საჩუქარი;

ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა საჯარო მოსამსახურემ არ უნდა მიიღოს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურისგან ისეთი საჩუქარი, რომელიც სხვა თანამშრომლების მიერ შეიძლება აღქმული იქნეს საჩუქრის მიმცემი პირის მიერ უპირატეს მდგომარებაში ჩაყენების საფუძვლად.

ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აირიდოს მისი ოჯახის წევრის მიერ მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო მოსამსახურისგან ისეთი საჩუქრის მიღება, რომელიც სხვა თანამშრომლების მიერ შეიძლება ღქმული იქნეს საჩუქრის მიმცემი პირის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების საფუძვლად. 

Comments
Loading...