“მინდა ისეთი საქმეები ვაკეთო, შვილებთან ერთად ამაყად ვიარო ამ ქუჩებში“ – ინტერვიუ ზურაბ პატარაძესთან
"მზად ვართ გამოწვევებისთვის და მზად ვართ, ანგარიში ჩავაბაროთ მოსახლეობას, რადგან დაპირებები, რომელიც გავეცით, კარგად გვახსოვს. ზოგიერთები ფიქრობდნენ, არჩევნები როგორც კი დამთავრდება, მთავრობას ვეღარ დავინახავთ შემდეგ არჩევნებამდეო, მაგრამ მწარედ შეცდნენ. ჩვენ იქ ვართ, სადაც ხალხს ვჭირდებით და ასე იქნება სულ" – აცხადებს "აიპრესთან" ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
ზურაბ პატარაძე 2004-2007 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი იყო, შემდეგ კი – მრჩეველი, რომელსაც საკონსულო საქმიანობის ხელმძღვანელობა ევალებოდა. 2007-2009 წლებში რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის კონსულად მუშაობდა.
მისი მოსკოვში ყოფნის პერიოდი 2006 წლის უმძიმეს მოვლენებს დაემთხვა – ქართველების მასობრივ დეპორტაციას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას რუსეთის ფედერაციაში.
"აიპრესისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 2006 წლის მოვლენებსაც იხსენებს.
– ბატონო ზურაბ, პირველად ვწერ თქვენთან ინტერვიუს, ამიტომ დაგისვამთ კითხვას, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ ყველას გვაინტერესებდა. სანამ თქვენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდებოდით, 2006 წელს, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს საკონსულოს ხელმძღვანელობდით და საზოგადოების დიდ ნაწილს სწორედ ამ პერიოდიდან ახსოვხართ. თქვენი იქ ყოფნა ქართველების მასობრივ დეპორტაციას დაემთხვა, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი თანამოქალაქეები აბსოლუტურად დამამცირებელი მეთოდებით გამოაძევეს, ადგილი ჰქონდა არაადამიანურად მოპყრობის ფაქტებსაც.
რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა კიდეც. ეს ძალიან მნიშნელოვანი მოვლენა იყო მაშინ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, რომელშიც თქვენ მთავარი ფიგურანტი ბრძანდებოდით. შეგიძლიათ გაიხსენოთ იმ დროინდელი მოვლენები?
– ძალიან მძიმეა იმ მოვლენების გახსენება. ნამდვილად რთული პერიოდი გავიარეთ. ქართველებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, დიასპორისთვის ძალიან რთული წუთები იყო.
2006 წელს მასობრივად გამოაძევეს ჩვენი ხალხი რუსეთის ფედერაციიდან. დაახლოებით 10 000 ადამიანს მოუხდა ქვეყნის დატოვება, ეს იყო იძულებითი დეპორტაცია. სამწუხაროდ, ამ დეპორტაციას მოჰყვა მსხვერპლიც, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა მიმღებ გამანაწილებლებში, ქალაქ მოსკოვის სხვადასხვა ლოკაციებში, მათ შორის აეროპორტში.
ეს თითოეული ჩვენგანისთვის ნამდვილად დიდი ტრაგედია იყო. ყველანი ერთად ვიყავით და ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ბედი, მათი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა და ხელი შეგვეწყო, გამოგვეყვანა და გადმოგვეყვანა საქართველოში.
სხვათაშორის, წლების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოში პროცესზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე ვიყავი და ძალიან გამიხარდა, როცა სიმართლემ იზეიმა და ფაქტობრივად, ეს პროცესი ჩვენ მოვიგეთ.
– მაშინ, მახსოვს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ ქმედებების, განცხადებების, ქართველებისადმი თანადგომის და იმ განხორციელებული აქტივობების გამო, რაც ოფიციალურ მოსკოვში განახორციელეთ მათი პოლიტიკის წინააღმდეგ, თქვენ პერსონა ნონ გრატად გამოგაცხადეს. მართლა გამოგაცხადეს პერსონა ნონ-გრატად მაშინ?
-პირადად ჩემი ოჯახისთვის ნამდვილად მძიმე წუთები იყო. მე, ჩემი მეუღლე და ჩემი სამი შვილი მაშინ რუსეთის ფედერაციაში ვიმყოფებოდით. როცა ქვეყნის დატოვება მომიხდა, ჩემი ელენიკო, ჩემი ქალიშვილი რამდენიმე დღის გაჩენილი იყო, მაშინ გაგვიჩნდა მოსკოვში. ჩემი მეუღლე სამშობიარო სახლში იმყოფებოდა, როცა შევიტყეთ, რომ სულ რამდენიმე დღეში უნდა დაგვეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია.
ვფიქრობ, მაქსიმალურად შევეცადე, ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ გამეკეთებინა. მთელი გუნდი, ვინც იქ ვიყავით, მართლაც დღე და ღამე ვმუშაობდით… მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო მათ. დღესაც ძალიან ბევრი ადამიანი მხვდება ბათუმის ქუჩებში, თბილისშიც, ვინც იხსენებს იმ პერიოდს, რამდენად რთული პერიოდი გავიარეთ, მაგრამ ჩვენ მაშინ მაქსიმუმის გაკეთება შევძელით.
-ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდება. შეიძლება ითქვას, იმაზე მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნები იყო. თქვენი ოპონენტებიც და მოსახლეობაც აუცილებლად გაგახსენებენ ყველა იმ დაპირებას, რაც ერთი წლის წინ გქონდათ. ბუნებრივია, მოითხოვენ ანგარიშს თქვენგან. რამდენად მოახერხეთ თქვენ ამ ერთ წელში დაპირებების შესრულება და სად გქონდათ ყველაზე დიდი პრობლემა?
– ჩვენ მზად ვართ გამოწვევებისთვის და მზად ვართ, ანგარიში ჩავაბაროთ მოსახლეობას, რადგან დაპირებები, რომელიც გავეცით, კარგად გვახსოვს.
შარშან დაახლოებით ეს დრო იყო, როცა მოღვაწეობას შევუდექი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ამირჩიეს. იმ დღიდან, მე და ჩვენს გუნდს ერთი წუთითაც არ შეგვიწყვეტია მოსახლეობასთან ურთიერთობა. ზოგიერთები ფიქრობდნენ, არჩევნები როგორც კი დამთავრდება, მთავრობას ვეღარ დავინახავთ შემდეგ არჩევნებამდეო, მაგრამ თუ თქვენ სოციალურ ქსელებს აკვირდებით, სად, როგორ და რას ვაკეთებთ, ნახავთ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხალხთან ერთად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს, მოწესრიგდეს გზები…
ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მაღალმთიანი აჭარაა, სადაც ბევრი საინტერესო პროექტი უკვე განხორციელდა.
-შეგიძლიათ კონკრეტულდა გვითხრათ, რა პროექტები განხორციელდა მაღალმთიან აჭარაში?
– მაღალმთიანი აჭარა რომ ჩვენი პრიორიტეტია, ეს არაერთგზის განვაცხადეთ მოსახლეობასთან შეხვედრების დროსაც. მიხარია, რომ სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში ერთ წელში რამდენიმე ბაღი გავხსენით. გარდა ამისა, ავაშენეთ სპორტული მოედნები, ავაშენეთ ბავშვთა გასართობი, შეიძლება დავარქვათ სათამაშო ცენტრები, სპორტული კომპლექსები და გავიყვანეთ გზები იქ, სადაც აქამდე არასდროს ყოფილა მისასვლელი.
სექტემბრიდან ვიწყებთ ხულო ზარზმის საავტომობილო გზის მშენებლობას. პროექტის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად იყოფა: 1. ხულო-გოდერძის 29 კილომეტრიანი მონაკვეთი (81 მლნ ლარი). 2. გოდერძი-ზარზმის 16 კილომეტრიანი მონაკვეთი (32 მლნ. ლარი).
საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება მიწების გამოსყიდვის პროცესი და ჩვენ მივიღებთ მაღალი კლასის საავტომობილე გზას ხულო-ზარზმის მიმართულებით.
შარშან ვაანონსებდით და ფაქტობრივად, დასასრულს მიუახლოვდა ტენდერი. ეს არის, შეიძლება ითქვას, საუკუნის პროექტი.
პირველ ეტაპზე დაიწყება გზის მშენებლობა ხულო-გოდერძის მიმართულებით. უკვე დაიწყო განსახლება, ვაკეთებთ აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტებით თანამედროვე ტიპის გზას. აქ იქნება მოწყობილი გაბიონები, სანიაღვრე სისტემები და ფართე კომფორტული გზა. რაც მთავარია, ეს გზა მისცემს საშუალებას ადამიანებს, ზამთარ-ზაფხულ, ოთხივე სეზონზე იმოძრაონ. ანუ მეტი ტურიზმი, მეტი განვითარება, მეტი სატრანზიტო მიმოსვლა, ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია მაღალმთიანი აჭარისთვის.
ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაპირება იყო მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ეს მოსახლეობისთვის უდიდესი შვებაა, ამ მიმართულებით მინდა გაგახაროთ და გითხრათ, რომ უკვე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან, ცალიბაურიდან, უშუალოდ შუახევის მუნიციპალიტეტამდე, ხიჭაურამდე, უკვე დაგეგმილი და ფაქტობრივად, შეძენილია გაზიფიცირების პროექტი. ეს არის პირველი ეტაპი ბათუმი-შუახევი.
– დაახლოებით რამდენი აბონენტის გაზიფიცირებას გეგმავთ…
-11 000-მდე პირველ ეტაპზე და ამას დაემატება აუცილებლად მეორე ეტაპი შუახევიდან გოდერძის უღელტეხილამდე.
როცა ჩვენ ვსაუბრობთ მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე, არ შეიძლება არ განვიხილოთ ტურიზმის პოტენციალი ჩვენს მთაში. ეს ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია. როცა ვსაუბრობთ აჭარის წარმატებაზე, არ განვიხილავთ მას მხოლოდ საზაფხულო კურორტად, ორ, სამთვიანი მაღალი სეზონის პერიოდად. მაქსიმალურად დაინტერესებულები ვართ, განვითარდეს ექსტრემალური ტურიზმი და სამთო სათხილამურო კურორტები, სოფლის ტურიზმი, აგრარული ტურიზმი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს.
-ალპური ბოტანიკური ბაღის გაშენება დააანონსეთ, ეს პროექტი ჯერ იდეის დონეზეა თუ რამე სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორებთან?
-კომპლექსურად მინდა მივუდგეთ, პირველ რიგში დავიწყებ გოდერძის უღელტეხილიდან, სადაც კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობას დაიწყო. ეს უნიკალური ადგილია საქართველოში, რომლის განვითარების გენგეგმა არსებობს და ქალაქი ქალაქში აშენდება.
იქ იქნება მოედნები, პარკები, გასართობი ცენტრები, სამედიცინო დაწესებულება, ჰიპერმარკეტი, ბავშვების გასართობი ცენტრები და სასტუმროები. დაახლოებით 20-მდე სასტუმრო განთავსდება, ეს იქნება კოტეჯის ტიპის სახლებიც და სასტუმრო კომპლექსებიც. ამ ეტაპისთვის უკვე მიმდინარეობს 100 ნომრიანი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა. ფაქტობრივად, 50-60% დასრულებულია და ეს იქნება ძალიან მაღალი კლასის სასტუმრო, თავისი პარკინგებით, სპა, გასართობი ცენტრებით და ა. შ. ამ სეზონზე სანამ კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, დაიწყება მეორე სასტუმროს მშენებლობა, 150 ნომრიანის.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს მეტ დასაქმებას, მეტ აქტივობას მთაში და მეტ ჩართულობას ადგილობრივი მოსახლეობის. ჩვენი უმთავრესი სტრატეგიაა, გავაძლიეროთ მთა. ჩვენ არ გვინდა მასობრივი მიგრაცია მთიდან, ზომიერი მისაღებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მასობრივი.
-თუმცა, ფაქტია, რომ მთა მაინც იცლება… მასობრივი მიგრაციის პროცესის შეჩერება ვერ ხერხდება. აჭარის მაღალმთიანეთში, 8 სკოლაში წელს პირველი სექტემბერი პირველი კლასის გარეშე დაიწყება.
-მესმის ეს ცალკე პრობლემაა, ეკომიგრანტების და ამ თემას მივუბრუნდებით აუცილებლად. მანამდე კი, ორიოდე სიტყვით დავასრულებ ტურისტული პოტენციალის თემას. თქვენ აღნიშნეთ ალპური ბოტანიკური ბაღი გოდერძის უღელტეხილზე. გოდერძი-ბეშუმის გზის მონაკვეთზე შენდება რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტი, პირველად – ალპური ბოტანიკური ბაღი.
10 ჰექტარი მიწა უკვე შემოღობილია და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. შემდეგი სეზონისთვის ჩვენ უკვე გვექნება კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, სადაც ჩვენს დამსვენებელს მიეცემა საშუალება დაათვალიეროს და დატკბეს ჩვენი ბუნებით, ჩვენი დაცული ტერიტორიებით და უფრო ახლოს გაეცნოს ჩვენს კულტურას, ხელოვნებას და ა.შ. ასეთი რეგიონში, ამიერკავკასიაში არ არსებობს. ეს ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფილიალია და ძალიან ბევრი უცხოელია ჩართული ამაში.
ჩვენ არაერთხელ ვიმყოფებოდით მწვანე ტბაზე. ეს არის არაჩვეულებრივი ბუნება, ჩვენი სიმდიდრე და დავგეგმეთ რიგი ღონისძიებები, პირველ რიგში გზის მიყვანა, თუმცა, ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად, სრულად არა, პირველი ეტაპი დასრულებულია და იქ ბოლომდე უნდა მოწესრიგდეს გზაც, ინფრასტრუქტურაც ტბის ირგვლივ. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს გომარდულთან დაკავშირებითაც…
-მიიღებს ამ წელს გომარდული ვიზიტორებს?
-გომარდულის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შეხვედრა აქციონერებთან და ფაქტობრივად, შეთანხმება მოხდა ფინანსთა სამინისტროსთან, რათა ის დავალიანება, რომელიც არსებობს, ჩამოეწეროთ ამათ და მოხდეს შეთანხმება.
გვაქვს წინადადებები, ეს ინფორმაცია უკვე აქვთ აქციონერებს და უკვე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით გეგმაზე, სტრატეგიაზე, თუმცა, ზეპირსიტყვიერი შეთანხმება უკვე არსებობს.
-მთის კანონის ამოქმედებაზე ამყარებდა ხელისუფლება დიდ იმედებს, თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული ძვრა ამ მიმართულებით არ მომხდარა… მთას დიდი არაფერი დატყობია…
-მთის კანონის ამოქმედება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს კიდევ დამატებით ინსტრუმენტია იმისთვის, რომ გაძლიერდეს მთა, მეტი ჩართულობა იყოს, მოსახლეობა ავიდეს მთაში, იქ დაიწყოს ბიზნესი, იმუშაოს, მიიღოს დამატებითი პრეფერენციები, რაც გათვალისწინებულია მთის კანონით.
თქვენ იცით, რომ მე კომისიის წევრი ვარ, სადაც განიხილება, თუ რომელი ლოკაცია უნდა შევიდეს დამატებით იმ სიაში, რომელიც მთის კანონის ამოქმედებას ითვალისწინებს. მიხარია, რომ ერთ-ერთი პირველი, რომელზეც გადაწყვეტილება მივიღეთ, მაჭახელას ხეობაა და უკვე შევიდა, ამოქმედდა ეს კანონი. ახალი წლიდან მაჭახელას მოსახლეობა სრულად მიიღებს დივიდენდებს, სარგოს, რაც გათვალისწინებულია მთის კანონის მოქმედებით, ეს წინგადადგმული ნაბიჯია.
-ბიზნესმენებთან თუ გქონიათ შეხვედრა და შეთავაზება მათთვის, რომ ბიზნესი დაიწყონ მთაში? თუ რაღაც არ გაკეთდა, სამუშაო ადგილი ვერ შეიქმნება და ადამიანმა რით იცხოვროს, ან საიდან მიიღოს შეღავათები?
-აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენ სულ ახლახანს, 59 ოჯახს, სოციალურად დაუცველებს, ეკომიგრანტებს გადავეცით სახლები, ბინები, ხულოში, მაგრამ მე იქვე აღვნიშნე, ერთია რომ ადამიანს გადასცემ საცხოვრებელ ფართს, მაგრამ მეორეა, რომ ბიზნესი უნდა განვითარდეს.
ჩვენ ყველაფერი უნდა შევძლოთ და ხელი შევუწყოთ სამუშაო ადგილების შექმნას, ეს ჩვენი პრიორიტეტია და მიხარია, რომ ვაშლოვანში, სადაც გადავეცით საცხოვრებელი ფართი, რამდენიმე კილომეტრში უკვე ახალი ტექსტილის ფაბრიკაა. სწორედ მთის კანონის მხარდაჭერით, გრანტის მიღების კუთხით და ამ შესაძლებლობებით ამუშავდა ეს ფაბრიკა.
-რამდენიმე უნიკალური ჩანჩქერის შესწავლა მიმდინარეობს მაღალმთიან აჭარაში, მაგრამ ჯერჯერობით მისასვლელი გზები არის… მახუნცეთის და მერისის ჩანჩქერი, არის კიდევ სამი თუ ოთხი ულამაზესი ჩანჩქერი, ხომ არ მუშაობთ პროექტზე, რომ ესეც შევიდეს ტურისტულ მარშრუტში?
-მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი უნიკალური და ულამაზესი ადგილია, ახლაც რომ მივიდეთ, უამრავი ტურისტი დაგვხვდება. ჩვენ ვმუშაობთ გენ განვითარების გეგმაზე, იქ რამდენიმე სასტუმროს აშენების მსურველიცაა. საპარტნიორო ფონდთან ერთად ვიმყოფებოდით მახუნცეთის ჩანჩქერთან. უკვე დაიგეგმა კონკრეტული პროექტი და დაკვეთილი იქნება გენ განვითარების გეგმაც. ჩვენც მზად ვართ და საპარტნიორო ფონდიც მზად არის მიიღოს მონაწილეობა, თანადაფინანსებით შემოვიდეს და იქ აშენდეს უნიკალური, ულამაზესი დასასვენებელი კომპლექსი.
ვფიქრობ, ამ ლოკაციას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. ეს უკვე ფაქტობრივად უახლოეს პერიოდში განხორციელდება, ეს არ არის კონცეფციის დონეზე, უკვე მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა ამასთან დაკავშირებით.
უკრაინიდან ჩამოსულ ინვესტორებს უკვე დაწყებული აქვთ სასტუმროს მშენებლობა, საუბარია ამ პროექტის გაფართოებაზე და შესაბამისად, ირგვლივ ტერიტორიის მოწესრიგებაზე. ტენდერი მუნიციპალიტეტს უკვე გამოცხადებული აქვს და დასრულებულია ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკები. ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მაღალმთიანში გაჩნდეს ისეთი ტურისტული, ლამაზი კერები, სასტუმრო კომპლექსები, სადაც ადამიანს ვინც ტრანზიტული გზით მიემართება სხვა რეგიონებში საშუალება ჰქონდეს გაჩერდეს და ულამაზეს ბუნებაში დაისვენოს.
-მაღალმთიან აჭარაში ტურისტების სტატისტიკასაც თქვენ, ბუნებრივია ,უყურებთ, მოიმატა ტურისტების რაოდენობამ?
-სულ ახლახანს, ტექნიკური გახსნა იყო შუახევ ჰესის. ეს ძალიან დიდი ინვესტიციაა, 400 მილიონი დოლარი იყო საინვესტიციო პაკეტი და მოცულობა, დამატებით საუბარია 180 მეგავატიან სიმძლავრეზე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წყალშემკრები გვირაბია განთავსებული დღეს მაღალმთიან აჭარაში, 37 კილომეტრზეა საუბარი, ზუსტად ამ კორპორაციის მხარდაჭერით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიცა გრანტები ჩვენი მოსახლეობისთვის და უამრავი სხვადასხვა სახის გესტ-ჰაუსი მოეწყო მთაში.
მოსახლეობამაც საფინანსო ინსტიტუტებიდან მიიღეს კრედიტები და მოაწყვეს არაჩვეულებრივი საოჯახო ტიპის სასტუმროები. მაღალმთიან აჭარაში ტურისტების რაოდენობა 90%-მდეა გაზრდილი, 90%-ით გაზრდილია ღამის გათენება ჩვენს გესტ-ჰაუსში, უშუალოდ მაღალმთიანში, ხულოში, შუახევში, ქედაში, რაც ძალიან გვახარებს და მაქსიმალურად მოწადინებული ვართ, ხელი შევუწყოთ ამ მიმართულების განვითარებას.
-ტურიზმი კარგია, მაგრამ გლეხს ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის განვითარებაში სჭირდება ხელშეწყობა. ამ მიმართულებით რა პროექტები გაქვთ და რამდენად სწრაფად მოხდება მათი განხორციელება?
-ჩვენ საპილოტე პროექტები გვაქვს უშუალოდ მაღალმთიანეთში. საუბარია ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე, ანუ გლეხი, ფერმერი, რომელსაც მოჰყავს პროდუქტი, იძულებულია ჩაჯდეს მანქანაში და ჩამოიტანოს საქონელი ცენტრალურ აგრარულ ბაზარში. ამის საშუალება გლეხს ხშირად არ აქვს და ამიტომ უწევს ე. წ. შუამავალთან დაიჭიროს საქმე და მსა მიყიდოს თავის პროდუქცია ძალიან იაფად.
-ამიტომაც ჩივიან რეალიზაციაზე, მაგალითად, კარტოფილის…
-კი ბატონო, ფასი დაბალია, რეალურად ვერ ყიდიან პროდუქციას, კარგავენ ორ დღეს, რომ მომხმარებელი იპოვონ და ეს დისკომფორტია. სწორედ ჩვენი ლოგისტიკური ცენტრები მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას, გლეხს აღარ მოუწევს ჩამოსვლა ქალაქში, ბაზარში. ლოგისტიკური ცენტრი თანამედროვე ტიპის ნაგებობაა, სადაც იქნება ვეტერინარი, მინივეტერინარული კლინიკა, შემფუთავი მინი კონვეირი ქარხანა.
ჩვენი ტექნიკით, რომელიც გვაქვს, ლოგისტიკურ ცენტრებში სრულად მოვემსახურებით გლეხებს. კოპერატივები შეიქმნება, სადაც გლეხებს საშუალება ექნებათ ჩააბარონ საქონელი. კოპერატივები კი დაეხმარებიან პირდაპირი კონტაქტი რომ შედგეს მომხმარებელსა და გლეხს შორის. იქნება ელექტრონული ბირჟაც ანუ სასტუმროებს, კვების ობიექტებს, კომპანიებს საშუალება ეძლევათ ელექტრონულად შეუკვეთონ და იყიდონ ეს პროდუქცია. იქნება სამაცივრე სივრცეები და ჩვენივე სერვის-მანქანებით ეს პროდუქცია მოხდება დანიშნულების ადგილას.
-ფასები რამდენად ხელმისაწვდომი იქნება?
-გლეხი ჩამოდის და ფაქტობრივად, მეოთხედ ფასად აბარებს თავის პროდუქციას აგრარულ ბაზარში შუამავლებს. ამ ლოგისტიკურ ცენტრებში კი გლეხი რეალური ღირებულების 80%-მდე მიიღებს. დარჩენილი 20% მოემსახურება ადგილზე კომუნალურ გადასახადებს და ხელფასებს. ფაქტობრივად, ერთჯერადად დახარჯავს თანხებს ბიუჯეტიდან და დანარჩენი თვითონ კოოპერატივები შეინახავს თავის თავს.
-ინვესტიციების ზრდის ტენდენცია როგორია წინა წელთან შედარებით?
-ინვესტიციების ზრდის ტენდენციის მხრივ, ნამდვილად მზარდი დინამიკა გვაქვს. ციფრები მინდა მოგვიყვანო: 2016 წელს 480 მილიონი დოლარის ინვესტიციები განხორციელდა. ძირითადად სეგმენტები, რომელშიც ინვესტიცია ჩაიდო, არის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, ენერგეტიკის სფერო, ტურიზმი, სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, ანუ სამშენებლო მიმართულებით, ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები და რა თქმა უნდა, ენერგეტიკა.
ეს ჩვენთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, წელსაც ძალიან კარგი მაჩვენებლები გვექნება ამ მიმართულებით. დაგეგმილია რიგი სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა ბათუმში.
-ქობულეთში რას აპირებთ, ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ზონაა პოტენციალის მხრივ, რომლის სწორად გამოყენებით რეგიონი დიდ ბენეფიტს მიიღებს.
-ნამდვილად არ მინდა გამომრჩეს თქვენთვის და ჩემთვის საყვარელი ქობულეთი. ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. ახალი ინვესტიცია 200 მილიონ ლარს მოიცავს და ამიერკავკაშიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გამორჩეულ სასტუმრო-პროექტს წარმოადგენს.
მინდა გავიხსენო შეხვედრები მოსახლეობასთან, მათ შორის წინასაარჩევნო შეხვედრები. ძალიან ბევრი ქობულეთელი თანაქალაქელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ ძირითადად, აღმშენებლობის პროცესი მიმდინარეობს ბათუმისკენ. შენდება დიდი სასტუმრო კომპლექსები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული დიდი პროექტები ხორციელდება სხვა მუნიციპალიტეტებში და ქობულეთში ინვესტიციები უხვად არ არის. და იყო თხოვნა, იქნებ გაითვალისწინოთ და რეკომენდაციები მისცეთ ინვესტორებს ქობულეთშიც განხორციელდეს მნიშვნელოვანი პროექტები. მიხარია, რომ დღეს უშუალოდ ქობულეთში უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი დაიწყო: 200 მილიონამდე ლარი დაიხარჯება ამ პროექტში და ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება.
40 000 კვ.მ-ის ფართზე განთავსდება კომპლექსი, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და გასართობი შენობების ჯგუფი. სასტუმროს ექნება 220 ნომერი, არანაკლებ 300 პერსონაზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი, შეხვედრების რამდენიმე ოთახი, ორი ან მეტი რესტორანი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სპა ცენტრი, ღია და დახურული აუზები. კომპლექსის შემადგენლობაში ასევე შედის სამორინეც. ტერიტორიაზე განთავსდება სხვადასხვა სახის სარეკრეაციო ნაგებობა. პროექტის ფარგლებში კომპანია ,,Crystal Building“- ის მიერ 200 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. სასტუმროში 400 ადამიანი დასაქმდება.
-ქობულეთს ადრე სხვა დატვირთვაც ჰქონდა. იქ უნიკალური სამკურნალო ზონაა გულსისლძარღვთა დაავადებებებისთვის და სამკურნალო პანსიონებში, რომელიც დღეს აღარ არსებობს, ზამთარ-ზაფხულ ჩამოდიოდნენ სამკურნალოდ. ხომ არ გეგმავთ სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობას?
-სხვათა შორის, როცა ქობულეთზე ვსაუბრობ, განსაკუთრებული ემოციები მაქვს და მიხარია, რომ ამ ბოლო დროს გახშირდა შემოთავაზებები და ზოგადად, მოთხოვნადი გახდა ქობულეთი. ერთ-ერთი კომპანია გვთავაზობს ქობულეთში სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას. ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება მათი მხრიდან, თუ საბოლოოდ შევთანხმდებით. ჯერ-ჯერობით მოლაპარაკების სტადიაა და საბოლოო პასუხს ვერ დაგიდასტურებთ.
რაც შეეხება სარეაბილიტაციო ცენტრს, ჩვენ გვახსოვს ქობულეთის მიკროკლიმატი და ძალიან ბევრი სამედიცინო დაწესებულება აძლევდა რეკომენდაციას პაციენტებს, რომ ქობულეთში დასასვენებლად ჩამოსულიყვნენ. ზუსტად ამ მიმართულებით ერთ-ერთი კომპანია სწავლობს რამდენად შესაძლებელია ეს პროექტი განხორციელდეს ქობულეთში, ჩვენ შეთავაზება მათ გავუკეთეთ და ველით საბოლოო პასუხს. აუცილებლად უნდა მივიღოთ ქობულეთში მსგავსი ობიექტი.
-ქობულეთი შეიძლება რეგიონში გახდეს ნიცას დონის კურორტი, თავისი მონაცემებით, თუკი ინვესტორები დაინტერესდებიან. ინვესტორები კი ხელისუფლებამ უნდა დააინტერესოს, ასე არაა?
-კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენ ვიცით, რომ ქობულეთს ულამაზესი სანაპირო აქვს, რომელიც 14 კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა, რომ კურორტი განვითარდეს.
თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ბათუმი არის შერეული, ანუ საზღვაო ქალაქთან ერთად ბიზნეს ქალაქიც, ქობულეთში შესაძლებელია კარგად განვითარდეს საზღვაო კურორტი.
არის კიდევ ერთი მიმართულება, რომლის განვითარებასაც ქობულეთში ვგეგმავთ, ესაა სპორტული ტურიზმი. გეგმაში გვაქვს ქობულეთში აშენდეს სპორტული მოედნები იმისთვის, რომ გაიმართოს სპორტული შეკრებები, ე. წ. ზბორები, ზამთრის პერიოდში. ეს დამატებით სტიმულია, რომ ზამთრის პერიოდში ქობულეთის მუნიციპალიტეტი მეტად დატვირთული იყოს.
-გონიოს პოლიგონზე მომიყევით, რას გულისხმობს ეს პროექტი?
-გონიოს პოლიგონზე ჯერ არ მითქვამს, მაგრამ ახლა გეტყვით და ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე სამი თუ ოთხი დელეგაცია გვყავდა უკვე აზიის ქვეყნებიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
არაერთმა სერიოზულმა, რეიტინგულმა ორგანიზაციამ დადო დასკვნა და შეისწავლა გონიოს პოლიგონი, როგორც საერთო კონტექსტში, ასევე ლოკაციებად დაყოფილი, თუ სად, რა უნდა განვითარდეს და გაკეთდეს.
გონიოს პოლიგონი იქცევა ძალიან საინტერსო კურორტად, სადაც დასასვენებელთან ერთად, იქნება საქმიანი ნაწილიც: ბიზნეს-ცენტრები, კოტეჯის ტიპის დასახლება, ეკონომ პაკეტი და რა თქმა უნდა, მაღალი ხარისხის საცხოვრებელი აპარტამენტები. იქნება კომპლექსი, სასტუმროები, სპორტული კომპლექსები, საკონფერენციო სივრცეები. ანუ, ადამიანს შეეძლება თან დაისვენოს, თან საქმიანი ვიზიტი განახორციელოს. გამართონ სხვადასხვა კორპორაციებმა ღონისძიებები, განთავსდეს ბევრი მათ შორის, საერთაშორისო კორპორაციები, ოფისები და ა. შ. ვფიქრობ ეს ძალიან კარგი საშუალებაა, უნიკალური მოდელი მრავალმხრივ განვითარდეს ჩვენი ულამაზესი გონიო.
-ბათუმი ულამაზესი ქალაქია თავისი ყველა მონაცემით, ეს რამდენიმე დღე დავდივარ და ძალიან ბევრ ადგილას შემხვდა აბსოლუტურად უგემოვნო, ყოველგვარ ფორმასა და სტილს მოკლებული მშენებლობები, რომელიც საშინლად ამახინჯებს ქალაქის იერსახეს. როგორ შეიძლება ეშველოს ბათუმს, რომ თავის პეწი არ დაკარგოს?
-ეს, რა თქმა უნდა ძალიან დიდი გულისტიკივილია. ჩვენ ვერ დავუშვებთ და არ დავუშვებთ, რომ დავამახინჯოთ ქალაქი, მივიღოთ უსახური მშენებლობები, დავუკარგოთ ქალაქს იერსახე და აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ურბანული მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის.
მინდა დავიწყოთ ბულვარით და მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვაცხადეთ მოარატორიუმი, გამოვაცხადეთ კონსერვაცია. ძველი ბულვარის ტერიტორიაზე დაიგო ახალი ფილები, მოწესრიგდა იქაურობა, ბევრი სიახლე არის, პლიუს ე.წ. იახტკლუბის ტერიტორია, სადაც შარშან სავალალო მდგომარეობა იყო.
ნინო და ალის მონუმენტის შემდგომ, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო გავლა. ახლა უკვე იქ მოეწყო ახალი საფეხმავლო გზა, ველობილიკი, მოწესრიგდა იახტკლუბში ჩასასვლელი კიბე 7-8 ლოკაციაში, გამწვანდა, დასუფთავდა იქაურობა, შეიღება და მივიღეთ ბულვარის გაგრძელება, ულამაზესი სივრცე.
-თქვენ წარმოადგენთ მმართველ გუნდს აჭარაში და არჩევნების პერიოდში პასუხისმგებელი იქნებით ყველა იმ პოლიტიკურ პროცესზე, რაც აჭარაში განვითარდება. მოგიწევთ პასუხის გაცემა ოპონენტების ბრალდებებზეც. ბრალდებები კი ცოტა არ იქნება. მზად ხართ წინასაარჩევნო დებატებისთვის?
-ჩვენ სრულად მზად ვართ, ჩავერთოთ წინაასრჩევნო მსვლელობაში და ასე ვთქვათ, ბატალიებშიც. სწრაფი განვითარება და ჩვენი მოსახლეობის უფლებების დაცვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი . რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ხალხი გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს არჩევანი იქნება „ქართული ოცნება“.
-ყველაზე მატად რისი გაკეთება გინდათ აჭარისთვის, როცა აღარ იქნები მთავრობის თავმჯდომარე, რა გინდათ თქვენზე თქვან, როგორ გინდათ დაამახსოვრდეთ რეგიონს?
-მე მინდა, რომ ჩემს შვილებთან ერთად ამაყად, თამამად ვიარო ქუჩებში და თქვან, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა თავისი კუთხისთვის, თავისი რეგიონისთვის. ბედნიერი ადამიანი ვიქნები, როცა ამაყად გავივლი ქუჩებში და ვიტყვი, რომ ეს პროექტი ხალხთან და ჩემს გუნდთან ერთად შევასრულე.