- Advertisement -

მღებრიშვილი: დაკავებულია დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას

525

 

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში განვითარებლ მოვლენებს "ვანდალურ აქტს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ დაკავებულია აქციის 40-მდე მონაწილე.  როგორც უწყების ხელმძღვანელმა ბათუმში ჩასვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის პოლიცია სიტუაციას სრულად აკონტროლებს. შინაგან საქმეთა მინისტრი პირობას დებს, რომ მომხდარ ფაქტში დამნაშავე არცერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება. 

"პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია. მინდა გითხრათ, რომ დაკავებული გვყავს ადმინისტრაციული წესით დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას. პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა. აქვე მინდა გითხრათ რომ სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლს ექვემდებარება. პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა.

პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციილი ძალა. დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, მიმდინარეობს პიროვნებების იდენტიფიცირება. რამდენიმე მათგანი კიდევ იდენტიფიცირებულია და ვაგრძელებთ მუშაობას. გამოძიების შედეგებს და მიმდინარეობას პარალელურ რეჟიმში აუცილებლად გაგაცნობთ",-აღნიშნა მინისტრმა. 

გიორგი მღებრიშვილი ასევე ადასტურებს, რომ არსებობს ჩანაწერიც, თუ როგორ დაიწყო ბათუმში მიმდინარე პროცესები.   

"არსებობს ამის ჩანაწერიც. ეს იყო უბრალოდ მიზეზი. ვფიქრობ, აქ უფრო სიღრმეებში არის ჩასახედი და ჩვენ აუცილებლად ჩავიხედებით გამოძიების ფარგლებში",-განაცხადა მღებრიშვილმა. 

Comments
Loading...