- Advertisement -

ნანუაშვილი: საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები

545

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობები, სიძულვილის ენის გამოყენება, გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული უთანასწორო მოპყრობისა და უფლებადარღვევის ფაქტები.

დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება 24 საათის განმავლობაში დაუკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზს ნომერზე 14–81.

"ლგბტი ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ ისეთი მნიშვნელოვანი უფლებებით სარგებლობისას, როგორიცაა განათლება, დასაქმება, ჯანმრთელობის დაცვა და სხვა. არსებული პრობლემების საპასუხოდ, სახელმწიფოს მიერ, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები კვლავ მინიმალურია და ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდა 2013 წლის 17 მაისს მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვასა და ლგბტი ადამიანების წინაშე მდგარი სხვა გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობაზე, თუმცა, სამწუხაროდ მთელი რიგი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია.

იმედს ვიტოვებთ და მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, რომ წარსული გამოცდილებისა და მიყენებული ზიანის პირობებში, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მოხდება ძალადობის მოსალოდნელი საფრთხეების სწორი შეფასებისა და უსაფრთხოების წესების მაღალი დაცვით. ამასთან, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ დღის აღნიშვნის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, საზოგადოებაში ლგბტი თემის მიმართ არსებული ჰომოფობიური წინასწარგანწყობების შესამცირებლად",-აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში. 

Comments
Loading...