- Advertisement -

ნარმანია “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულებზე: ზიანის ანაზღაურება მთავრობის ფუნქცია არაა

715

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, როგორც ცენტრალურმა, ისე თბილისის მთავრობამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულების დასახმარებლად შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა.

"ეს იყო შუამავლის როლი კომერციულ ბანკებთან, ამ საკითხთან დაკავშირებით კომერციული ბანკების მხრიდან გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, ჩართული იყო ეროვნული ბანკი, ბანკების ასოციაცია და შესაბამისად გადასახდელი თანხების გადავადება მოხდა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ თბილისის მერიაში ჩემი მოადგილეების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა, სადაც ასევე დამატებით გარკვეულ შეღავათებზე იყო საუბარი, თუმცა საბოლოო ჯამში ცალკეული გადაწყვეტილებები კომერციული ბანკების პრეროგატივაა, თუ ვის, რამდენს და როგორი ფორმით გადაუვადებენ და დამატებით როგორ დაეხმარებიან.
 
ასევე ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური ნორმა, რომლის მიხედვითაც ის ზიანი, რაც მათ მიადგათ, მოხდეს ამ ყველაფრის ჩამოწერა და არ დაიბეგროს გადასახადებით. სალარო აპარატებთან დაკავშირებით გარკვეული შეღავათები გაკეთდა.
 
ჩვენ ვიკისრეთ შუამავლის ფუნქცია ბაზრობების ასოციაციასთან და მათ გარკვეული ფართები გამოყვეს რამდენიმე თვიანი საშეღავათო პერიოდით, რათა დაზარალებულები განთავსდნენ ამ ფართებში. გარკვეული ნაწილი ამ თვალსაზრისით უკვე დაკმაყოფილებულია. არის ასევე ცალკეული საკითხი, რომელზეც ჩვენ მათ დავეხმარეთ", – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
 
ნარმანიას თქმით, ამის გარდა დაზარალებული მოვაჭრეებისთვის ზიანის ანაზღაურება არც ცენტრალური და არც ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივა არ არის.
 
"ეს არის ერთის მხრივ ბაზრობის ადმინისტრაციასა და მეორეს მხრივ თვითონ უშუალოდ მოვაჭრეებს შორის ურთიერთობის საგანი. მათი სახელშეკრულებო ურთიერთობის საგანი, თუმცა, ძალიან ცუდია, რომ მათ შორის ხელშეკრულება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. არ იყო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები გათვალისწინებული. ზუსტი ზიანის ოდენობის დადგენა შეუძლებელია. ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი არსებობს ამასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ზიანის ანაზღაურება მთავრობის ფუნქციას არ განეკუთვნება", – აცხადებს დავით ნარმანია.
Comments
Loading...