- Advertisement -

ნაცვლიშვილი:მიწას საფლავებთან ახლოს თხრიან, ელ.ენერგიის ხაზებმა სახლების თავზე უნდა გაიაროს

631

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ხანდოს ხეობაში ვითარებას ადგილზე გაეცნო. როგორც ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიწის თხრა სასაფალაოებთან ძალიან ახლოს მიმდინარეობს, ხოლო ელექტროენერგიის ხაზებმა მოსახლეობის სახლების თავზე უნდა გადაიაროს. 

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომდგენლები ადგილზე უნდა ჩავიდნენ და მოსახლეობის კითხვებს პასუხი გასცენ. 

"დღეს ვიყავით ხანდოს ხეობაში. ადგილობრივები ძალიან შეწუხებულები არიან და აპროტესტებენ მაღალი ძაბვის ელ.ენერგიის ხაზების მშენებლობას. მიწის თხრა მიმდინარეობს ძალიან ახლოს სასაფლაოებთან და საძვალეებთან, ელ.ენერგიის ხაზებმა კი მათ სახლებს თავზე უნდა გადაუაროს. ამავდროულად, მშენებლობა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მეწყერსაშიშ ზონაში მიმდინარეობს.ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში ის არის, რომ საზოგადოების პროტესტს ხელისუფლებამ კითხვებზე პასუხების ნაცვლად დაუპირისპირა ძალოვანები. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის წუხილზე ასეთი პასუხი არის სრულიად მიუღებელი, ძალოვანების ამგვარად გამოყენება ახდენს მათ დისკრედიტაციას და გადაულახავ ბარიერს აჩენს მოქალაქესა და სამართალდამცველებს შორის. #საია იცავდა აქციის დროს დაკავებულ პირებს, მოსამართლემ, სრულიად დაუსაბუთებლად, ისინი 400-400 ლარით დააჯარიმა. ამ საქმეს ჩვენ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ.
ამ ყველაფრით მოსახლეობა არის ძალიან შეურაცხყოფილი.

ამასთან, საქმე ეხება მთის სოფლებს, სადაც ცხოვრება ისედაც ჭირს. სახელმწიფოს პოლიტიკა მთაში მოსახლეობის დამაგრებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა მთის დაცარიელებისკენ, რის საფრთხეზეს ასევე ისაუბრეს ადგილობრივებმა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრი ადგილზე გაეცნობა სიტუაციას, ასეც უნდა იყოს. არ შეიძლება ხელისუფლება თბილისიდან ესაუბროს ადგილობრივ მოსახლეობას, ამუნათოს ისინი და პოლიციის ძალით გააჩეროს. მინისტრთან ერთად, კარგი იქნება სხვა მაღალჩინოსნებიც, მაჟორიტარი დეპუტატი და სხვა პასუხისმგებელი პირებიც თუ ავლენ ადგილზე და გასცემენ პასუხებს მოსახლეობის კითხვებს და წუხილებს.ეს ხელისუფლების კეთილი ნება არაა, ვალდებულებაა",-წერს ანა ნაცვლიშვილი. 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქსანი სტეფანწმინდის მაღალი 500კვტ ელექტროგადმაცემი ხაზების პროექტის ფარგლებში სამუშაოები საფლავების ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სიცრუა.

"ვისმენთ განცხადებებს, ცილისწამებებს თითქოს ეს ხაზები საშიშია, იწვევს მეწყერს, ვაზიანებთ გარემოს, ვაუბედურებთ ოჯახებს და ა.შ.

ეს ყველაფერი არ იკმარეს და ბოლო ორი დღის განმავლობაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები, ამოვყარეთ მიცვალებულები და მათ შეურაცხყოფა მივაყენეთ. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე",-განაცხადა კალაძემ. 

Comments
Loading...