- Advertisement -

ნაცვლიშვილი: კომპანიის წარმატება მძიმე პირობები კი არა, ღირსეული ანაზღაურება უნდა იყოს

535

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის შეფასებით, კომპანიის წარმატება მძიმე შრომითი პირობების ნაცვლად, მაღალი ანაზღაურებით უნდა იყოს განპირობებული.

დეპუტატის მოსაზრებით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ შრომით უსაფრთხოებაზე, არამედ შრომით უფლებებზეც.

„ძალიან პარადოქსულ მოცემულობაში ვცხოვრობთ, როდესაც ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, ამავე დროს ვართ სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულებისა და დაღუპულების თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს მძიმე პირობებში, რომელიც მყისიერად შეიძლება მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ იყოს, მაგრამ მათი ჯანმრთელობისთვის დიდი საფრთხის შემცველია – მათ არ აქვთ დასვენების საშუალება, ისინი მუშაობენ ძალიან დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, მუშაობენ უფრო დიდხანს, ვიდრე არის კონტრაქტით გათვალისწინებული, ამის გადამოწმება დღეს არ ხდება.

ამიტომ შრომის ინსპექცია უნდა იყოს კომპლექსური, როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით“, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, შრომის ინსპექციას კომპანიაში შესვლის და გადამოწმების უფლება უნდა ჰქონდეს. ასევე მან დარღევების შემთხვევაში სანქციები უნდა გამოიყენოს.

„თუ ეს არ იქნება, ჩვენ შემდგომში ტრაგედიების პრევენციას ვერ მოვახდენთ. ერთია, ტრაგედია გამოვიძიოთ და შესაბამისად, განვსაზღვროთ თუ ვინ არის მტყუანი და მართალი, მეორეა მოვახდინოთ ასეთი ტრაგედიების პრევენცია“, – აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

Comments
Loading...