- Advertisement -

ნაცვლიშვილი: სტრასბურგის მოსამართლეობის კონკურსის ხუთეულში ძლიერი კანდიდატები არ მოხვდნენ

623

საია-ს თავ,ჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევმა კომისიამ მთავარ მისიას თავი ვერ გაართვა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შერჩეულ ხუთეულს მიღმა დარჩნენ ძლიერი და ღირსეული კანდიდატები. ანა ნაცვლიშვილი კომისიის შერჩეულ ხუთეულსაც აკრიტიკებს. 

"დამთავრდა გასაუბრებები სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. შესარჩევმა კომისიამ კვლავ ვერ გაართვა თავი მთავარ მისიას: 1. საუკეთესო ხუთულში ვერ მოხვედრილიყვნენ ამ პოზიციასთან კომპეტენციით და კეთილსინდისიერებით აშკარად შეუსაბამო კანდიდატები და 2. არ დაბლოკილიყვნენ (ხუთეულს მიღმა არ დარჩენილიყვნენ) აშკარად ძლიერი და ღირსეული კანდიდატები.

როგორც კომისიის ერთმა წევრმა, მინდა საჯაროდ მადლობა ვუთხრა ყველა ძლიერ და ღირსეულ კანდიდატს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ მიიღეს მონაწილეობა კონკურსში.ამ კონკურსში მონაწილეობას იღებდა არაერთი ძალიან ძლიერი და ძლიერი კანდიდატი და მათი აბსოლუტური უმეტესობა საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდა. სწორედ ასეთი კანდიდატების ჩაგდება არის პროცესის ყველაზე ნათელი ლუსტრაცია – აქ დამატებითი ახსნა-განმარტებები საჭირო აღარაა",-წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში. 

მთავრობისთვის გადაწყვეტილების მისაღებად წარსადგენი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი 5 კანდიდატი ცნობილია – კომისია კანდიდატებს მთავრობას წარუდგენს.

მთავრობას წარედგინებიან:

1. ლადო ჭანტურია – 5
2. სოფიო ჯაფარიძე – 4.69
3. შოთა გეწაძე – 3.85
4. თამარ ალანია – 3.77
5. ირაკლი დონდოლაძე – 3.69 

ხუთეული სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ შეარჩია.საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;

საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზაზა ხატიაშვილი;
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;
სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;

კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

Comments
Loading...