- Advertisement -

ნენსკრა ჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტთან ახალ ფორმატში ითანამშრომლებს

63

23 აგვისტოს მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმად, მისი გაფორმებიდან 3 თვის ვადაში წარმოდგენილი იქნება ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობასა და კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მოიცავს.

მემორანდუმი 4-წლიანია, ინვესტიციის ოდენობა კი ეტაპობრივად – ჭუბერისა და ნაკრას საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. უკვე ცნობილია, რომ 2019 წელს აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სს „ნენსკრა ჰიდრო“ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის (შიდა გზების, ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია) 1.5 მილიონ ლარს გამოჰყოფს.

მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებული პროექტები სს“ ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ერთობლივად დაფინანსდება.
„მოხარულები ვართ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ, საინტერესო ეტაპზე გადადის.

ჩვენი კომპანია, ისევე, როგორც ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორი, კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პროექტებში ინვესტირებას. 2017 წელს ჩვენს მიერ შეიქმნა სპეციალური საინვესტიციო პროექტი – „თემის განვითარების პროგრამა“, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, ასევე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოიცავს.

მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება იმისა, რისი გაკეთებაც აღნიშნული მიმართულებებით იგეგმება“, – განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სანიანგ კიმმა.

Comments
Loading...