ნენსკრა ჰესი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს ვერ გააძვირებს

12

“ნენსკრა ჰიდრო”-ს ოპერაციების მართვის დირექტორის თეიმურაზ კოპაძის განცხადებით, ნენსკრა ჰესი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირების მიზეზი ვერ გახდება.

აქტიური საინფორმაციო და საკომუნიკაციო კამპანიის მიუხედავად, ნენსკრა ჰესის შესახებ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე მთავარი კითხვა, მათ შორის: რატომ არის საჭირო დიდი მასშტაბის ჰესის მშენებლობა? ვინ იღებს პასუხისმგებლობას მოსალოდნელ რისკებზე და როდის გასაჯაროვდება ნენსკრას ელექტროენერგიის ტარიფი?

ბუნებრივია, ამ კითხვებზე პასუხები არსებობს და როგორც „ნენსკრა ჰიდრო“, ისე სახელმწიფო, პერიოდულად, სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, პროექტის დეტლების შესახებ სულ უფრო მეტ ინფორმაციას ავრცელებს.

პროექტი, რომელიც ქვეყნისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, პირველ რიგში, არსებული ელექტროდეფიციტის მნიშვნელოვანი წილის შევსებასა და ქვეყნის იმპორტზე ნაკლებდამოკიდებულებას ისახავს მიზნად. გამომდინარე იქიდან, რომ ნენსკრა ჰესი რეზერვუარიანი ჰესის მოდელია, მას წყლის გარკვეული მოცულობის აკუმულირებით ელექტროენერგიის გამომუშავება ყველა სეზონზე შეეძლება.

„ჩვენი ქვეყნის პირობებში გვაქვს ძალიან დიდი სეზონურობა და მცირე გენერაციის პრობლემაც სწორედ აქედან მოდის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არის განვითარებული ელექტროენერგიის შენახვის ტექნოლოგია. შესაბამისად, გვრჩება არჩევანი, რომ შევინახოთ წყალი და საჭირო დროს მისგან გამოვუმუშაოთ დენი. სწორედ ამ პრინციპით იმუშავებს ნენსკრა ჰესი, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებულ წლიურ დეფიციტს 30-40%-ით შეავსებს“, – აღნიშნავს თეიმურაზ კოპაძე.

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის წლის განმავლობაში დაგეგმილი საშუალო გენერაცია 1,2 მლრდ კვ/სთ-ია. ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც სახელმწიფოსა და ინვესტორს კომპანია K-water-ს შორის არის გაფორმებული, გათვალისწინებულია სხვადასხვა შემთხვევა. მაგალითად, თუ რომელიმე წელს, მშრალი სეზონის გამო, აღნიშნული ოდენობის გამომუშავება ვერ მოხდება, მომდევნო წლებში, როცა გენერაცია გაიზრდება, სახელმწიფომ დაგეგმილზე მეტი დენი უნდა შეისყიდოს და კომპანიას ამით დაუბალანსოს ანგარიშსწორება.

ამავე ხელშეკრულებით არსებობს შეთანხმება, რომ თუკი ზედიზედ 3 წლის განმავლობაში წლიური გენერაცია საშუალოზე დიდი ანუ 1,2 მლრდ კვ/სთზე მეტი იქნება, სახელმწიფოს მეტობის შესყიდვა მინიმალურ ფასად შეუძლია, რაც ჩვეულებრივი ტარიფის მხოლოდ 10%-ია.

ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც შესყიდვის ტარიფებს ეხება, ჯერჯერობით კონფიდენციურია. ამაზე კომპანიას კონკრეტული პასუხი აქვს. ასევე მკაფიოა მისი პოზიცია სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით.

„ტარიფებთან დაკავშირებული ხელშეკრულების ნაწილი ამჟამად, რა თქმა უნდა, კონფიდენციურია, რადგან კომპანიას ფინანსური დახურვა არ დაუსრულებია. გარდა ამისა, შეთანხმებაში სხვადასხვა მოსალოდნელი სცენარია გათვალისწინებული, რის გამოც სახელმწიფოს მიერ შესყიდვის რამდენიმე ტარიფი განიხილება. კონკრეტული რიცხვი წლის ბოლოს, ფინანსური დახურვის შემდეგ გასაჯაროვდება. რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, პირდაპირ ვაცხადებთ, რომ „ნენსკრა ჰიდროს“ გამო სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება“, – ამბობს თეიმურაზ კოპაძე.

მისივე განმარტებით, ფინანსური დახურვა უფრო ადრე იყო დაგეგმილი. თუმცა ცნობილი მიზეზების გამო, რაშიც მოსახლეობისა და არასამთავრობოების მიერ გამოთქმული პროტესტი იგულისხმება, ეს პროცესი დროში გაჭიანურდა. ასევე ჯერ კიდევ მიმდინარეობს ფინანსური მოლაპარაკებები პარტნიორ ორგანიზაციებთან და სანამ მათთან საბოლოო შეთანხმება არ შედგება, მხოლოდ სავარაუდო ტარიფებზე შეიძლება მსჯელობა.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ ამ დრომდე გავრცელებული ყველა ინფორმაცია და დასკვნა, რომელიც ტარიფებს უკავშირდება, არასწორია.

მნიშვნელოვანია ისიც, ვინ იღებს პასუხისმგებლობას ჰესის მშენებლობისა და ფუნქციონირებისას წარმოქმნილ სხვადასხვა რისკებზე. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მათი მხრიდან ყველა რისკი, რომლის პროგნოზირებაც შესაძლებელია, დაზღვეულია.

„ნენსკრა ჰიდროს“ სწორ, ხარისხიან და დროულ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ინვესტორს ეკისრება. ასევე ოპერირების პერიოდში ჰესის მუშაობა მთლიანად კომპანიამ უნდა უზრუნველჰყოს. თუმცა, ზოგადად, რისკების მართვა როგორც ინვესტორის, ისე სახლემწიფოს ვალდებულებაა, რაც შესაბამისი უფლებამოსილების ქონაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, რისკები გადანაწილებულია. ყველაზე ცნობილი და რეალური რისკი ადგილობრივი მოსახელეობის შესაძლო პროტესტია, რა დროსაც უდიდესი როლი სახელმწიფოზეა. ამ შემთხვევაში საინფორმაციო კამპანია ინვესტორის მხრიდან დაიგეგმა და შემდეგ მოსახლეობასთან კომუნიკაცია სახელმწიფოსთან ერთად ვაწარმოეთ“, – განმარტავს თეიმურაზ კოპაძე.

რაც შეეხება ფინანსურ რისკს, მისი თქმით, ესეც, რა თქმა უნდა, ინვესტორის პასუხისმგებლობაა და თუ კომპანიას პროექტის ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემა შეექმნება, მას შესაბამისი სანქცია დაეკისრება.

საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებში არსებობს ასევე მოსაზრება, რომ ელექტროენერგიის გამომუშავების ზრდა სხვა გზებითაც არის შესაძლებელი. საუბარია თბო, ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა-განვითარებაზე. „ნენსკრა ჰიდროს“ მმართველობის განცხადებით ამაზე აპელირება არაგონივრულია, რადგან ჰიდროელექტროსადგურების დამატების გარეშე სტაბილური გენერაციის მიღება წარმოუდგენელია.

„იმაზე საუბარი, რომ ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა ჰიდროელექტროსადგურების გარეშე რეალურია, გონივრული არ არის. ქარისა და მზის სადგურების გენერაციას სეზონური ხასიათი აქვს, რაზე დაყრდნობაც გამორიცხულია. პოლიტიკური ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს რუსეთიდან იმპორტის იმედზეც არ შეუძლია ყოფნა. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა კარგად გვაჩვენა, რომ რუსეთზე დამოკიდებულებას კარგი არაფერი მოაქვს. ამიტომ, ადგილობრი ჰიდრორესურსების გამოყენებით გენერაციის ზრდა ერთადერთი სწორი გზაა“, – აცხადებს თეიმურაზ კოპაძე.

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ამჟამად პროექტით გათვალისწინებული მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო ჰესის მშენებლობა 2025 წელს უნდა დასრულდეს. „ნენსკრა ჰიდროს“ პირველი გენერაციაც ამავე წელს არის დაგეგმილი.

მოსამზადებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნენსკრას ხეობაში გზებისა და ხიდების აღდგენა–მშენებლობას გულისხმობს. ხეობის მოსახლეობისთვის „ნენსკრა ჰიდრომ“ რამდენიმე მასშტაბური სოციალური პროექტიც წამოიწყო, რაც გულისხმობს ისტორიულ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაში დახმარებას, მექანიზაციის პროექტს, ასევე ადგილობრივების პროფესიულ გადამზადებას და მათ შემდგომ დასაქმებას პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზ

წყარო: PIA

Comments
Loading...