- Advertisement -

“ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამას ახორციელებს

56

ნენსკრა ჰესის საპროექტო კომპანიამ, სს „ნენსკრა ჰიდრომ“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის მძიმე ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამის განხორციელება დაიწყო.

პირველ ეტაპზე კომპანია 60 ადამიანის მომზადებას უზრუნველყოფს.

პროფესიული განათლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად „ნენსკრა ჰიდრომ“ შესაბამისი ხელშეკრულება სსიპ კოლეჯ „სპექტრთან“ გააფორმა.
პროგრამის ფარგლებში კოლეჯ „სპექტრის“ პედაგოგები თვითმცლელის, ექსკავატორის, გრეიდერისა და სატვირთველის ოპერატორებს მოამზადებენ.
კურსის თეორიული ნაწილი სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში ჩატარდება, ხოლო პრაქტიკულ კურსს პროგრამის ბენეფიციარები თბილისში გაივლიან.
ტრენინგ-კურსებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სრულად დაფარავს.

„ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის აქტიურ ფაზაში შესვლისას 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, პრიორიტეტი კი ადგილობრივ მოსახლეობას მიენიჭება. იმისათვის, რომ ადგილობრივი მუშახელის კვალიფიკაცია შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო მშენებელი კომპანიების სტანდარტებთან, “ნენსკრა ჰიდრომ” მიიღი გადაწყვეტილება, ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას პროფესიულ გადამზადებაში და დააფინანსოს მძიმე ტექნიკის იმ სახეობების ოპერატორთა ტრენინგ-კურსები, რომლებიც ნენსკა ჰესის მშენებლობისას ყველაზე მოთხოვნადი იქნება. ამასთან, ჩვენი მიზანია, არა მარტო მომზადდეს ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის საჭირო კადრები, არამედ, პირველ რიგში, ხელი შევუწყოთ ადგილობრივ მოსახლეობას, დასაქმების ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს“, – განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა დასს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.

სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ აღნიშნულ ხეობებში მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს, რომლებიც რეგიონის მდგრად განვითარებაზეა მიმართული. სოციალური პროექტები ძირითადად პროფესიული განათლების, მცირე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სფეროებში ხორციელდება.

Comments
Loading...