პრეზიდენტის არჩევის წესზე ვაჭრობას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ განუცხადა.
"ლაპარაკს აზრი ექნება იმ შემთხვევაში მხოლოდდამხოლოდ, თუ დაბრუნდება ის მოცემულობა, რომელმაც გაიარა საერთო-სახალხო განხილვები, რომელიც წარდგენილი იყო ვენეციის კომისიისთვის და რომელოც გულისხმობს დაბრუნებას იქ, საიდანაც დაიწყო მთელი ეს პროცესი, რომ 2020 წელს ქვეყანა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადავა და ასევე, ჩვენ დავამატეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვაჭრობას არ ვაპირებთ, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ ვითხოვთ პლებისციტის ჩატარებას. თუ ისინი ამაზე მოდიან, ეს ნიშნავს, რომ ისინი სერიოზულები არიან და გულწრფელები, რომ ვიმუშაოთ ერთად. თუ ქმნიან ილუზიას იმისთვის, რომ ვითომ ცდილობენ კონსენსუსის შექმნას და ვინმე ამაში ხელს უშლის, ჩვენ ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ",- განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს ხვდებიან. როგორც ჟურნალისტებთან არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ის პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მმართველი გუნდის წინადადებებს გააცნობს.