პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს აფასებს. ნოდია მიიჩნევს, რომ შესაძლოა ელისაშვილს გულწრფელად უყვარს თბილისი, თუმცა ძნელი დასაჯერებელია, მას მერობისთვის საჭირო უნარები აღმოაჩნდეს.
ნოდია ალეკო ელისაშვილს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის გარკვეულ პარალელსაც ავლებს.
"თუ მეორე ტურში კახა კალაძე და ალეკო ელისაშვილი გავიდნენ (რასაც ვერ გამოვრიცხავ), ელისაშვილს მივცემ ხმას. მეორე ხსენებული კანდიდატისგან განსხვავებით, ის არ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, კრიმინალთან კავშირში შემჩნეული არაა და, მგონი, გულწრფელად უყვარს ეს ქალაქი (შეიძლება ამის ჩემი გულუბრყვილობის გამო მჯერა).
"ამავე დროს ვთვლი, რომ ელისაშვილი ზედაპირული და არასერიოზული პოპულისტია. საკმაოდ სუსტი ჟურნალისტი იყო და ძალიან ძნელი დასაჯერებელია, მერისთვის ადექვატური უნარები აღმოაჩნდეს.
თუმცა, უშუალობით ადრეულ მიშას ბაძავს (შეიძლება, უნებურად): „ხალხისთვის მისაწვდომი ვიქნები“, „ვინც გამიყალბებს, კბილებს დავუმტვრევ“ და ა. შ.). თან ეს „არაპოლიტიკურობაც“ გაცილებით უფრო კარგად იყიდება ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე კომპეტენცია.
მისი არასერიოზულობის გამოხატულება იყო მისი კამპანია ბესელია-კობახიძის წინააღმდეგ: ისე დაიწყო ლაპარაკი, თითქოს დასაბუთებული ბრალდებები ჰქონდა ამ ქალბატონების წინააღმდეგ, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ არაფერიც არ ჰქონია. ყველაფერი დავიდა იმაზე, რომ „ხომ მიცნობთ, ალეკო ვარ, მე მენდობით თუ იმათ?“ გარკვეული ნიჭი უნდა იმის მიღწევას, რომ ბესელია და კობახიძე შენთან მართალი გამოვიდნენ. (პირადად მე რა მგონია, ელისაშვილი ბაზრობდა ფაიზაღს თუ ხსენებული ქალბატონები, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. თუ ვინმეს საჯაროდ სერიოზულ ბრალდებას უყენებ, საბუთი უნდა გქონდეს).
მოკლედ, ამ ჰიპოთეტურ სიტუაციაში, როგორც ხშირად ხდება, ცუდსა და უარესს შორის მოგვიხდება არჩევანი. მაგრამ ამ ეტაპზე მართლა კარგ კანდიდატს ვხედავ, ელენე ხოშტარიას, და იმედი მაქვს, სხვა ბევრი ხალხიც დაინახავს",-წერს გია ნოდია.