- Advertisement -

ოთარ კახიძე: გასული წლები უკანონო მოსმენების, შანტაჟის და თვალთვალის წლები იყო

640

„მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პარასკევისთვის უკვე შეტანილი იქნება. მისივე თქმით, კანონის შესაცვლელად ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის, საკონსტიუციო სასამართლო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. 

"საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არ შეიძლება საგამოძიებო ფუნქციის მქონე უწყებაში იყოს მოსმენების მექანიზმი. შესაბამისად ეს კანონი რომელიც პარლამენტმა მიიღო პირდაპირ ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ მივმართავთ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მან განმწესრიგებელ სხდომაზევე განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად სცნოს აღნიშნული კანონი, ვინაიდან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვასიტყვით საკონსტიტუციოს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

თუმცა რეალურად იმედი იმისა, რომ სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და შეასრულებს ასე ვთქვათ ივანიშვილის ხელისუფლების მაკონტროლებლის ფუნქციას ჩვენ არ გვაქვს, ვინაიდან გასული წლის ზაფხულში ეს კონტროლი დაამყარა უკვე ივანიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოზე. თუმცა ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული და ამოწურული იმისთვის, რომ ჩვენ შევაჩეროთ აღნიშნული კანონის მოქმედება. ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლო, ეს იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.

პარსაკევს უკვე იქნება შეტანილი სარჩელი სასამართლოში. ჩვენ მივიღეთ კანონი რომლითაც დაკანონდა ივანიშვილის დაცვის უფროსის სუსის ხელმძღვანელის მონოპოლია უკანონო მოსმენებზე, თვალთვალზე, მიყურადებაზე . ეს არის კანონი რომელიც ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვინაიდან როდესაც უწყებას აქვს პირადი, პროფესიული ინტერესი განახორციელოს მოსმენა, არსებობს მაღალი ალბათობა რომ ეს იყოს გამოყენებული ბოროტად.

გასული წლები იყო უკანონო მოსმენების, სხვადსხვა საიტებზე ატვირთვის, ჟურნალისტების მოსმენის, შანტაჟის, კამერების დამონტაჯების და თვალთვალის წლები, რაზეც პასუხი არავის არ მოუთხოვია. ახლა ქმნიან მონსტრს სუსის ქვეშ, რომ ივანიშვილმა აკონტროლოს მთლიანად ეს სამსახური, უსმინოს ჟურნალისტებს, უსმინოს პოლიტიკურ ოპონენტებს და გაიხანგრძლივოს ხელისუფლება",-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია. 28 მარტს უკვე ვეტოდაძლეულ კანონპორექტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.

ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარული მოსმენა-მიყურადების უფლებამოსილება ექნება.

სააგენტოს უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. სააგენტოს უფროსის კანდიდატი შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; სახალხო დამცველი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.

Comments
Loading...