- Advertisement -

ომბუდსმენი: ეს ომი უნდა დამთავრდეს! სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს სიკვდილი საქართველოს გზებზე!

641

საქართველოს სახალხო დაცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ გამართულ საგზაო უსაფრთხოების აქციას ეხმიანება. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებული პრობლემა გამოუცხადებელი ომია, რომელსაც  ბოლო სამ წელში 70 ბავშვი შეეწირა, მისივე ინფორმაციით, საქართველოს გზებზე ყოველწლიურად საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება. ომბუდსმენი შედარებისთვის 2008 წლის ომსაც იხსენებს და წერს, რომ მას 170 სამოქალაქო პირი და 228 სამხედრო შეეწირა. 

"შევაჩეროთ სიკვდილი საქართველოს გზებზე!"- დღეს ამ აქციაზე ძალიან მინდოდა მისვლა. მოხდა ისე, რომ ზუსტად ამ დროს უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი ადამიანი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა რამდენიმე დღის წინ. ძნელია რაიმეთი ანუგეშო მისი მშობლები, ბებია-პაპა, მეგობრები და ახლობლები. ძნელია ასეთ დროს რამეს დაწერაც კი. იხსენებ, როგორ გაირბინა თვალწინ მისმა ბავშვობამ და სწორედ მაშინ, როცა რეალურად იწყებ ცხოვრებას, ხდება საშინელი ტრაგედია. და ჩნდება კითხვები: რატომ? შოთიკო არ ყოფილა პირველი და არც ბოლო ამ ჯაჭვში.

გასულ წელს ასე 581 ოჯახში დააკაკუნა სიკვდილმა ავტოკატასტროფების დროს, 2015 წელს – 602 ადამიანი დაიღუპა; 2014 წელს – 511; 2013 წელს – 514; 2012 წელს – 605…
ბოლო სამ წელში – 70 ბავშვი.

და ეს გრძელი სია გრძელდება. თუმცა ეს სია არაა, ესაა უჩინარი, გამოუცხადებელი ომი, რომელიც წლებია გრძელდება. შედარებისთვის: 2008 წლის ომში 228 სამხედრო და 170 სამოქალაქო პირი დაიღუპა ჩვენგან.

ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე? შსს? მთავრობა? პარლამენტი? საზოგადოება? მე ვფიქრობ, მეტნაკლებად ყველა ვართ პასუხისმგებელი. და პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ამაზე რეაგირება. სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს სიკვდილი საქართველოს გზებზე! სხვა სახელმწიფოებმა ეს შეძლეს. ეს ომი უნდა დამთავრდეს! ჩარევა აუცილებელია!",-წერს უჩა ნანუაშვილი. 

Comments
Loading...