უჩა ნანაუშვილიs ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობები სავალალო მდგომარეობაშია, მათი ნაწილი დანგრევის პირასაა. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს თრუსოს ხეობაში. მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებში ეტაპობრივად ნადგურდება სიძველეები.
უჩა ნანუაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 27-29 ივნისს იმყოფებოდა, სადაც თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩანადირებისა და მუგუდას და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების ალმასიანის, ოქროყანას, ცდოს, აბანოს და გველეთის ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ომბუდსმენის ინფორმაციით, მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მიგრაცია რჩება. სოფლების ნაწილში არ არის ბუნებრივი აირი, არ მიეწოდება სასმელი წყალი, მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთ საზღვრისპირა სოფელში არ მოქმედებს მობილური კავშირი, არ არის ელექტროენერგია, ხარვეზებია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით. მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ახერხებს სასოფლო სამეურნეო და საკარმიდამო მიწების რეგისტრაციას, მიწის საბუთების ნაწილი არქივში დაკარგული ან განადგურებულია.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რომელიც საქართველოში ერთ წელზე მეტია მოქმედებს, ვერ პასუხობს მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების საჭიროებებს. უჩა ნანუაშვილი აუცილებლად მიიჩნევს სპეციალური პროგრამების შემუშავებას, რომელიც მოსახლეობის მიგრაციას შეაჩერებს.