- Advertisement -

ომბუდსმენი: შრომითი უფლებები ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება იქნება

510

2017 წლის 25 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ფრიდრიხ ებერტის ფონდსა (FES) და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრთან (EMC) ერთად კონფერენცია გამართა თემაზე „შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში“.

 ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შრომითი უფლებების და შრომითი უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ დღეს შრომითი უფლებების მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი მოშლილია და მთლიანად ბაზარს არის მინდობილი. თუმცა, ადამინებზე ზრუნვა სახელმწიფო მანქანის გარდა თითოეული ჩვენგანის საქმეა და დამსაქმებელიც მზად უნდა იყოს ამ ზრუნვის გაწევისთვის. ხოლო, დამსაქმებლის და დასაქმებულის ურთიერთობის მოწესრიგებასა და ამ პროცესში ორმხრივი სარგებლობის ბალანსის დაცვა გარკვეულწილად შრომის ინსპექციამ უნდა იტვირთოს.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლიდან სახალხო დამცველი ყველა თავის ანგარიშში, სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა ფორმატით ითხოვდა შრომითი უფლებების დამარეგულირებელი ეფექტური სამსახურის შექმნას. თუმცა, მისი რეკომენდაციები წლიდან წლამდე მეორდება და ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. ომბუდსმენის განცხადებით, მხოლოდ ის შეიცვალა, რომ 2011-დან 2016 წლამდე პერიოდში 270-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 776 კი დასახიჩრდა სამუშაოს შესრულების დროს და სამწუხაროდ, ეს პრობლემა მხოლოდ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების პრობლემაა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შრომის ინსპექცია პანაცეა არ არის და ყველა პრობლემას ერთად ვერ აღმოფხვრის, მაგრამ მას უნდა ქონდეს უფლებამოსილება ეფექტურად, დამოუკიდებლად და შეუფერხებლად განახორციელოს კერძო კომპანიების მონიტორინგი, შეამოწმოს უსაფრთხო შრომითი უფლებებისა და შრომითი ურთიერთობების მდგომარეობა.

„ჩვენ დღეიდან ვიწყებთ სპეციალურ კამპანიას შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით და ეს იქნება ჩვენი საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება. სახელმწიფომ უნდა შექმნას სისტემა, რომელიც დაიცავს ადამიანის სიცოცხლეს და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება რეალური ნაბიჯების გადასადგმლად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტი უახლოეს დღეებში დაიწყებს შრომით კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტის განხილვას. შრომითი უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის შექმნის, დასაქმების ადგილებზე შრომის პირობების, ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის მუდმივი კონტროლის აუცილებლობაზე ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა და იმედი გამოთქვა, რომ სწორი საკანონმდებლო პოლიტიკის გატარებით შეიქმნება, საერთაშორისო დოკუმენტებით გამყარებული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ერთდროულად დაიცავს ინვესტორისა და დასაქმებულის ინტერესებს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტმა ხაზი გაუსვა შრომის ინსპექციის შექმნის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით საქართველო-ევროპის ურთიერთობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის უფროსმა ტექნიკურმა მრჩეველმა ჟოლტ დუდასმა მოკლედ ისაუბრა ეკონომიკური განვითარების პროცესში შრომითი კანონმდებლობის დახვეწის ეტაპებზე, მსოფლიო გამოცდილების, არსებული დოკუმენტების მიღებისა და გაზიარების, ასევე შრომითი ურთიერთობების კულტურის მნიშვნელობაზე.

კონფერენცია ორ სესიად ჩატარდა, რომლებზეც დარგის ექსპერტებმა – შრომის ინსპექცია, როგორც არსებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმი და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ხედვა და უახლოესი გეგმები განიხილეს. მომხსენებლებმა და დისკუსიის მონაწილეებმა ისაუბრეს შრომის უფლებების დარღვევაზე საპასუხო სახელმწიფო საზედამხედველო სისტემის – ინსპექტირების სათანადო მექანიზმების არარსებობაზე, რამაც წლების განმავლობაში სამუშაო ადგილებზე საწარმოო ტრავმების შედეგად დასაქმებულთა დაღუპვა და დაშავების ასეულობით შემთხვევა გამოიწვია. ამ შედეგების ფონზე, შრომის ეფექტიანი ინსპექტირების სისტემის შექმნის აუცილებლობა საზოგადოების ფართო დისკუსიის საგანი გახადა.

Comments
Loading...