- Advertisement -

ომბუდსმენი: N2, N8, N15119, N17 საპატიმროებში სანიტარული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია

455

ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, N2, N8, N15119, N17 დაწესებულებების როგორც საცხოვრებელ, ასევე სამარტოო და საკარანტინე საკნებსა და საშხაპეებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმრობის კოდექსის თანახმად, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

"N2 დაწესებულებაში საკნების უმრავლესობაში სინესტეა. ზოგიერთ საცხოვრებელ საკანში (C კორპუსის პირველ სართულზე) არსებულ ტუმბოებს აქვს კოროზია. პატიმრები იძულებულნი არიან ტანისამოსი, პირადი ნივთები და ჭურჭელი ასეთ პირობებში შეინახონ. N2 და N8 დაწესებულებების ზოგიერთ საკანში მწერებია. N3 დაწესებულების სამარტოო, N5 (საპატიმრო განყოფილების), N7, N12, N14 (დახურული ტიპის კორპუსი) დაწესებულებების საცხოვრებელ საკნებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. N12 დაწესებულების საცხოვრებელი საკნები მოძველებულია და საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. N15 დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსის დერეფნებსა და კიბეებზე არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დერეფნებსა და კიბეებზე სიგარეტის კოლოფები, ნამწვავები და სხვა ნარჩენებია მიმოფანტული.

2015 წელს საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, N8 დაწესებულებაში არსებულ დეესკალაციის ოთახებში უზრუნველეყო სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ასევე მიეღო ყველა საჭირო ზომა N15 დაწესებულებაში საცხოვრებელი კორპუსის დერეფნებსა და კიბეებზე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დასაცავად.

აღნიშნული რეკომენდაციებიდან მხოლოდ N8 დაწესებულების დეესკალაციის ოთახებში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის რეკომენდაცია შესრულდა. N6 დაწესებულების ზოგიერთი საკნის საპირფარეშოში არსებულ ნიჟარებში გროვდება წყალი, საპირფარეშოებში არ არის წყლის ჩამრეცხი ავზები. N5 დაწესებულების საპატიმრო განყოფილების ზოგიერთი საკნის საპირფარეშოებში კანალიზაცია გაუმართავია და გროვდება წყალი. N2 და N5 დაწესებულებების საშხაპეებში ტრაპებთან გუბდება წყალი. N8 დაწესებულების საშხაპეებში ზოგიერთ შხაპს არ აქვს წყლის მოსაშვები/ჩამკეტი მექანიზმი. 2015 წელს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მიეღო ყველა საჭირო ზომა N3 დაწესებულებაში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა რეკომენდაცია დღემდე არ შესრულებულა. აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდებათ",-აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში. 

Comments
Loading...