- Advertisement -

ომუდსმენი: 2016 წელს პატიმრების სხეულის დაზიანების 3 853 შემთხვევა დაფიქსირდა

585

ომბუდსმენის აპარატისთვის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით,31 პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების სხეულის დაზიანებათა რაოდენობის შესახებ 2015 და 2016 წლების მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

"აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში დაფიქსირებული სხეულის დაზიანების ფაქტების საერთო რაოდენობა არსებითად არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ N8 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში შემცირებულია პატიმრების სხეულის დაზიანების შემთხვევები, რაც დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა საგულისხმოა, რომ N2 დაწესებულებაში დაზიანებების რაოდენობა გაზრდილია, მათ შორის, სხვა პირის მიერ მიყენებული დაზიანებების რაოდენობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში, 2016 წელს, 246 შემთხვევაში ვერ მოხერხდა დაზიანების წარმომავლობის დადგენა, 2015 წელს ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშიც (28 შემთხვევა).

ისევე, როგორც გასულ წლებში, პენიტენციურ დაწესებულებებში, პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირება პრობლემას წარმოადგენდა 2016 წელსაც. საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა რეკომენდაციით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტს, „სტამბოლის პროტოკოლის“ შესაბამისად შემუშავებულიყო და დანერგილიყო დაზიანებების აღრიცხვის ახალი ფორმა, რომელშიც შესაძლებელი გახდებოდა სხეულის დაზიანების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის შეტანა.

ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის N131 ბრძანებით დამტკიცდა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი“.

აღნიშნული წესის თანახმად, თუ სამედიცინო მომსახურების გაწევისას სამედიცინო პერსონალი პაციენტს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავს ეჭვს პაციენტის მიმართ შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სამედიცინო პერსონალმა უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური ძალისხმევა ზემოაღნიშნულის თაობაზე პაციენტისგან ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამავე ბრძანებით დამტკიცდა დაზიანების აღრიცხვის ფორმა, რაშიც ექიმს შესაძლებლობა ექნება ილუსტრაციების გამოყენებით მიუთითოს დაზიანებების ადგილმდებარეობა. აღნიშნული წესი ასევე ითვალისწინებს, რომ დაზიანების აღრიცხვის ფორმის შევსებისას, პაციენტის თანხმობის შემთხვევაში, ექიმი ვალდებულია გადაიღოს დაზიანების ამსახველი ფერადი ფოტო.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება მითითებული საკითხის სამართლებრივად დარეგულირებას და, ცალსახად, წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს აღნიშნული წესის დამტკიცებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, პატიმრების სხეულზე არსებული დაზიანების აღრიცხვის ახალი წესი არ მოქმედებდა, ხოლო არსებული პრაქტიკით დაზიანებების აღწერა, ისევე როგორც წინა წლებში, ხარვეზებით მიმდინარეობდა და ვერ უზრუნველყოფდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოვლენას და დოკუმენტირებას",-აღნიშნულია ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში. 

Comments
Loading...