- Advertisement -

პაატა კვიჟინაძე: ლარის კურსი ძირითადად 2.4-დან 2.5-მდე იქნება

466

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე ლარის კურსის მკვეთრ გაუარესებას არ ელოდება.

როგორც დეპუტატმა „აიპრესს“ განუცხადა, საქართველოში ლარისთვის ძალიან კარგი პირობებია. გაიზარდა ექსპორტი, მოიმატა ტურისტების რაოდენობამ, ფულადმა შემოდინებებმა და ა.შ. ამიტომ ვარაუდობს, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში ძირითადად 2.4-დან 2.5-მდე იქნება.

კვიჟინაძე აცხადებს, რომ ამაში ხელისუფლებას რომან გოცირიძეც ეთანხმება.

„ლარის კურსთან დაკავშირებით რა შეფასებებიც „ქართული ოცნებიდან“ მოვისმინე მას ვეთანხმები. დიდი გამოცნობა არ უნდა იმას, რომ ამ წუთში საქართველოში ლარისათვის ძალიან კარგი პირობებია. ამაში რომან გოცირიძეც გვეთანხმება.

მხედველობაში მაქვს ის, რომ რაც ლარის კურსზე მოქმედებს ყველაფერი ძალიან დადებითია: ექსპორტი გაიზარდა 30%-ით, იმ ტურისტების რაოდენობაც 30%-ით გაიზარდა, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან. დასტაბილურდა სიტუაცია რეგიონში და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები 20%-ით მეტ თანხებს აგზავნიან, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. ამიტომ ლარს რაიმე საფრთხე შიგნიდან არ ემუქრება, არც გარეთ ჩანს რაიმე ისეთი, რამაც შესაძლოა ლარის გაუფასურება გამოიწვიოს.

ამიტომ, ეს გაუფასურება ცალსახად მოლოდინებით არის გამოწვეული. ვიღაცას ვალუტა სჭირდება, ვიღაცას ვალი აქვს გადასახდელი. ჰქონდათ მოლოდინი, რომ ტურისტების დიდი რაოდენობა გამოიწვევდა ლარის კურსის მკვეთრ გამყარებას, ამიტომ მთელი ზაფხული ელოდებოდნენ როდის ჩამოვიდოდა დოლარი დაბლა, რომ მაშინ ეყიდათ ვალუტა, როდესაც ნახეს, რომ ზაფხული გავიდა და ლარის კურსი თავის ადგილზე რჩება, ამიტომ დაიწყეს მასობრივად შესყიდვა, რადგან იფიქრეს, რომ შესაძლოა ზამთარში მოიმატოსო. ეს არ ეხებათ ხალხს, ეს ეხებათ იმათ ვინც ვალუტაზე მუშაობენ და ჰქონდათ ვალდებულებები მათ შეისყიდეს. მოსახლეობასთან კავშირში არ არის. მოსახლეობას კარგად ესმის ეს.

ეროვნული ბანკი სწორად მოიქცა, როდესაც დაბლა არ გაუშვა, რადგან ეს ჯერ დაცემას გამოიწვევდა, მერე აწევას. 110 მილიონი დოლარი შეიძინა.

ამ წუთში ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.4-დან 2.5-მდე იქნება. შესაძლოა რაღაც მომენტში აცდეს, რაღაც მომენტში დაბლა ჩამოვიდეს, მაგრამ სტაბილურად იქნება ერთ ადგილზე“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კითხვაზე, წინა წლების ცუდი პრაქტიკიდან გამომდინარე ხომ არ არის საშიშროება, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდეს, პასუხობს რომ ცვლილებები იქნება, მაგრამ არა კურსის მკვეთრი გაუარესების მიმართულებით.

„ვიმეორებ ცვლილებები იქნება, მაგრამ ისეთი რაც იყო რა თქმა უნდა არ იქნება. შეუძლებელია ვითარება შარშანდელს შევადაროთ. მაშინ ექსპორტი მცირდებოდა, შემოსულობები მცირდებოდა. წელს პირიქითაა.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას ევროსთან მიმართებაში, ეს საქართველოსთან არავითარ კავშირშია. დოლართან მიმართებაშიც გამყარდა ევრო. დოლარი ევროსთან მიმართებაში იყო 1.08, ახლა კი 1.20-მდეა. ევროს ვალუტა მთელ მსოფლიოში გამყარდა“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ „აიპრესთან“.

შეგახსენებთ, ბოლო 10 დღის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. გუშინ ეროვნული ვალუტა ოდნავ გამყარდა. ეროვნული ბანკის დღევანდელი კურსით, 1 დოლარის შეძენა 2.4618 ლარად არის შესაძლებელი, ხოლო 1 ევრო 2.9702 ლარი ღირს.

Comments
Loading...