- Advertisement -

პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს

327

ავსტრიის დედაქალაქში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. საპარლამენტო ფორუმზე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე მსჯელობენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიორგი წერეთელმა საკომიტეტო მოსმენებზე და ორმხრივ შეხვედრებზე ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, მუდმივმოქმედი კომიტეტის და სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შესაძლებლობა მომეცა მესაუბრა, ერთის მხრივ, ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ და ასევე კიდევ ერთხელ გამეცნო ჩემი კოლეგებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გამესვა, აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში, ეუთოს საპარლამენტო როლის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.

„ჩემთვის, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა. შეხვედრებზე ჩვენ ვეხებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა მიგრაცია, ტერორიზმი, კონფლიქტები. უკრაინის თემასთან ერთად, რომელიც ხშირად არის დისკუსიის საგანი, ბუნებრივია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ვსაუბრობთ. ზამთრის სესიის ფარგლებში ჩვენ ვაყალიბებთ რეზოლუციის პროექტებს, რომელიც შემდგომ ზაფხულის ყოველწლიურ შეკრებაზე იქნება მიღებული, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ხაზგასმული ის საკითხები, რომლებიც ეუთოს რეგიონისთვის და ჩვენთვის, საქართველოსთვის აქტუალურია“, – აღნიშნა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

Comments
Loading...