- Advertisement -

პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მისცემს

10

კანონპროექტში შესატანი ცვლილებები განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა წარადგინა.
მისი განმარტებით, კანონში შესატანი ცვლილებები ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის თხოვნის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც მიმდინარე სასწავლო წელს სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა, თუმცა კანონში არსებული ბარიერებიდან გამომდინარე სწავლის პროცესში ჩართვას ვერ ახერხებს.
„2 წლის წინ „პატიმრობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, ჩვენ უფლება მივანიჭეთ დაბალი რისკის საპატიმრო დაწესებულებებში სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულებს, რომ ისარგებლონ უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის უფლებით დისტანციური სწავლების მეთოდით. ეს არის სპეციალური წესი, რომელიც მტკიცდება იუსტიციის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი დებულებით. დღეისათვის 36 პატიმარი სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, ბაკალავრის საგანამანათლებლო პროგრამებზე და ათეულობით მსჯავრდებულმა უკვე ისარგებლა ამ უფლებით.
15 ოქტომბერს პირველი პრეცედენტი დაფიქსირდა – განათლების, მეცნიერების, კულტურის კომიტეტს თხოვნით მოგვმართა მე-16 სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, რომ მან წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდები, მაგრამ კანონში არსებული ბარიერით მას არ აქვს უფლება, რომ დაიწყოს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა. ჩვენ, ბუნებრივია, სიამოვნებით ვუჭერთ მხარს პატიმრის ამ თხოვნას და დაჩქარებული წესით გთხოვთ მხარი დაუჭიროთ „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებებს, – განაცხადა მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მარიამ ჯაშის განმარტებით, ანალოგიური ცვლილება შედის კოდექსის 115-ე პრიმა მუხლის პირველ ნაწილში, სადაც ზუსტდება, რომ უმაღლესი განათლების პირველ საფეხურთან ანუ ბაკალავრის პროგრამებთან ერთად, მსჯავრდებულებს მიეცემათ უფლება, ჩაერთონ სამაგისტრო პროგრამებში, ასევე დისტანციურად.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე, თამარ ხულორდავა.
The post პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც მსჯავრდებულებს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მისცემს appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...