პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით 76 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. არსებული რედაქციით თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება და ადმინისტრაციული ჯარიმები წესდება. საკანონმდებლო პროექტის ავტორის გუგული მაღრაძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას გამოთქმული რამდენიმე მოსაზრებაც გაითვალისწინეს და ჩასწორდა პროექტში.
კანონპროექტის თანახმად, თამბაქოს მოხმარებაზე ჯარიმა იმ სტადიონებს შეეხებათ, რომელთაც ადმინისტრაცია ჰყავთ.
„როცა საუბარია თამბაქოს ნაწარმის ინტერნეტით ან ფოსტით საცალო ვაჭრობაზე, ამ შემთხვევაში, ფრჩხილებში ჩაიწერება, რომ აკრძალვა მხოლოდ თამბაქოს ნაწარმს ეხება და არა იმ აქსესუარებს, რომელიც შეიძლება ინდმეწარმემ თავისი ხელით გააკეთოს და გაავრცელოს. ცხადია, ეს ბრენდირებულ ნაწარმს არ ეხება, მაგალითად, საფერფლეს. თუ ადამიანი ლერწმისგან რაღაცას გააკეთებს, იმას აკრძალვა არ ეხება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.
დღევანდელ სხდომაზე კენჭი ,,ევროპული საქართველოს" ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებასაც ეყარა ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ" თუმცა, პარლამენტმა ინიციატივა 66 ხმით 8 წინააღმდეგ ჩააგდო.