- Advertisement -

პარლამენტმა შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

545

პარლამენტმა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, შვილის აყვანის მსურველებს ასაკობრივი ზღვარი დაუწესდებათ. კანონპროექტის ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დიმიტრი ხუნდაძე და მირიან წიკლაური არიან. 

კანონპროექტი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესსა და პირობებს, არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც მათი განხორციელებისას წარმოიქმნება სახელმწიფოსა და მშვილებელს/მინდობით აღმზრდელს შორის, ასევე ბავშვის წარმოშობისა და მიმღებ სახელმწიფოებს შორის.

ცვლილების თანახმად, მშვილებელთა ასაკთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება და გასაშვილებელ ბავშვს და მშვილებელს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები, ხოლო მაქსიმალური სხვაობა 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშილების შემთხვევაში არ უნდა იყოს  45 წელზე მეტი. გამონაკლის შემტხვევაში 7-10 წლამდე ბავშვის გაშვილების დროს შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი თუ ეს შეესაბამება მის ინტერესებს. ასევე, ცვლილების მიხედვით ბავშვი ბიოლოგიური მშობლისგან მიტოვებულად 6-ის ნაცვლად 3 თვეში ჩაითვლება.

კანონში ახალ კატეგორიად განისაზღვრება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციფიური ზრუნვა და აღზრდა, რაც თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას.

შვილად აყვანის და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის სავალდებულო იქნება მოსამზადებელი კურსის გავლა.

„მოსამზადებელი კურსი დაეხმარება მშვილებელ პირებს/პირს შეიძინონ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და ზრუნვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირის მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა პირმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს მეურვეობის და მზრუნველობის ადგილობრი ორგანოს.
სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა ასევე აუცილებელი წინაპირობა იქნება მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მინდობით აღმზრდელ პირთა რეესტრში აღრიცხვისთვის.

მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება‐მოვალეობები. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული 6 თვიანი ვადა მცირდება 3 თვემდე.

ბავშვის მიტოვებულად აღიარების საფუძვლებს ემატება ის შემთხვევა, თუ დადგინდა, რომ მშობელი, არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატიურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და მიუხედავად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გაფრთხილებისა 2 თვის განმავლობაში კვლავ არ ინტერესდება შვილის ბედით, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი.

წარმოდგენილი კანონპროექტით, ბავშვის ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი ერთად ვერ მიმართავენ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს, და ვერ განსაზღვრავენ მშვილებელ გარემოს.

მინდობით აღსაზრდელი ოჯახში შესაძლებელი იქნება განთავსდეს არასრულწლოვანი, შვილთან ერთად.

მინდობით აღსაზრდელი, რომელიც იმყოფებოდა მინდობით აღზრდაში 18 წლის ასაკის მიღწევისას, შეუსრულდა 18 წელი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიული სტუდენტი, შეეძლება დარჩეს მინდობით აღზრდაში სწავლის დასრულებამდე.

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის პროცედურების განხორციელებისას, მოხდება 10 წლამდე ასაკის ბავშვის აზრის გათვალისწინება მისი ჯანმრთელობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.

Comments
Loading...