- Advertisement -

პატარაია: ავარიელი ქალი ყვება,პოლიციელი კაცი პირდაპირ ეკითხებოდა ჰქონდა თუ არა მოჭრილი კლიტორი

622

კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ყვარელში იმ სოფლებში იმყოფებოდა, სადაც წინადაცვეთის პრაქტიკის არსებობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. შეხვედრის შესახებ პატარაია სოციალურ ქსელში წერს. 

"გუშინ ავარიელ ქალებთან ვიყავი ყვარლის სოფლებში, აი, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკით რომ გავიცანით – იმ სოფლებში.
ეკა (სახალხო დამცველის თანამშრომელი) მეუბნებოდა, მაგ საკითხის გაგონება აღარ უნდა ხალხსო, ტაბუ დაედოო, გაბეზრდა და ჩაიკეტა ხალხიო. მეთქი უთხარი, რომ ქალების ექიმი მოგვყავს – იქნებ მოვიდნენ

მოვიდნენ ექიმის ხათრით ქალები (სოფლებში ექიმი არ ყავთ). ცოტანი მოვიდნენ, სკოლის დირექტორების ხათრით.
ავარიელი ქალები ძაან კოხტები არიან, ჩამოსულები ჰიჯაბით დადიან, საქართველოში დაბადებულები თავსაფრით, ან უმისოდ. ჩამოსულებმა რუსული იციან, აქაურებმა ქართულიც, ზოგმა ძალიან კარგად.

შეხვედრა უხერხულად იწყება. უნდობლობა იგრძნობა. წინასწარ შეწუხებული სახეები აქვთ წინასწარ მომზადებული პასუხებით – "აღარ ვაკეთებთ". ნანა ექიმი ("საფარში" 2001 წლიდან რომ მუშაობს) ქალებს ეკითხება გათხოვილები არიან თუ არა, შვილები ყავთ თუ არა. ვიწყებთ ბავშვის დაბადებიდან, გარდატეხის ასაკი, მენსტრუაცია, შვილიანობა-უშვილობა, კლიმაქსი – ყველაფერი. ქალები ბევრ შეკითხვას სვამენ და იწყებენ საკუთარი ამბების მოყოლას. შიგადაშიგ დიდი მხიარულებაა, ვის ქმარს ერთი ყვერი აქვს და ვისას ორი 🙂 ვინ ვინ მიატოვა და რატომ, ვინ ვერ გათხოვილა და ვინ ორჯერ, ზოგს პირველი ბავშვი ვერ გაუჩენია და ზოგს მეოთხე უნდა შუა კლიმაქსში. მერე ყველაფერზე ვსაუბრობთ, იხსენებენ ვის რა ასაკში გაუკეთეს "წინადაცვეთა", ვის ეტკინა და ვის არა. კლიტორს თურმე "მამალიც" ჰქვია. მე ვიხვეწები, იქნებ პატარა გოგოებს ნათლობის ნიშნად ყური გაუხვრიტოთ თქო.

ერთ სოფელში ვერც კი ვეხებით ამ თემას და მერე მარტო დარჩენილ ქალს ცალკე ვესაუბრებით.
საქმე ისაა, რომ ძალიან უხეშად მოხდა ჩარევა. ერთი ავარიელი ქალი ყვება, რომ პოლიციელი კაცი პირდაპირ ეკითხებოდა ჰქონდა თუ არა მოჭრილი კლიტორი – "რა მაგის საქმეა?! უზრდელი ეგა!"

ყვლა არჩევნებზე ჰპირდებიან გზას, ტრანსპორტს, ექიმს… მაგრამ უშედეგოდ.
ხვალ ისევ მივდივარ ყვარელში. ამჯერად ხელისუფლებასა და სერვისების მიმწოდებელ (პოლიცია, ექიმები, რესურს ცენტრი) ხალხთან შესახვედრად. ხვალ სიცილი აღარ იქნება…

p.s. ერთმა სკოლის დირექტორმა უმაღლეს სასწავლებელში კვოტა და დაფინანსება ითხოვა. მალე აღარ გვეყოლება უმაღლესი განათლების მქონე ხალხიო, სკოლაში ვინ იმუშავებსო? მართლაც, ერთ სოფელში უკვე არც ერთი მასწავლებელი აღარ არის ავარიელი…

p.p.s. ჰო, მართლა, ოჯახურ ძალადობაზე იცით რა მითხრეს ავარიელმა ქალებმა? "არ მოვითმენთ ცემასო. არც ერთი ქალი არ მოითმენს ჩვენში მაგასო. დედასთან წავაო. ყველა გაიგებს და ის კაცი მეორე ცოლს ვეღარ შეირთავსო. ერთს თუ სცემა, ხო მეორესაც სცემსო?! მაგას ვინღა გაყვებაო?!",-წერს ბაია პატარაია. 

Comments
Loading...