კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პარატაია აიპრესთან აცხადებს, რომ მასთან, ორგანიზაციაში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით, დაახლოებით 20 ქალი გადის კონსულტაციას. მისივე თქმით, ქალთა მიმართ ძლადობის პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს შსს-ს სტატისტიკაც.
"საკმაოდ ხშირად მოდიან ძალადობის მსხვერპლი ქალები, ეს კიდევ დამოკიდებულია ორგანიზაციის რესურსზეც, ჩვენ გვაყავს ორი იურისტი, რომელიც მუდმივად ამაზე მუშაობს და ზოგჯერ ერთი თვის განმავლობაში შეიძლება 20 შეტყობინებაც კი შემოვიდეს, კონსულტაციას საჭიროებდნენ ამ მიმართულებით, მსხვერპლთა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დროს, რაც იურისტები ავიყვანეთ და შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ, თვეში 20 კონსულტაცია გამოგვდის, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
მაგალითად, 2015 წელს ვიცი, რომ შსს-ში ოჯახურ კონფლიქტებთან დაკავშირებით 16 000 ზარი შევიდა, ეს არ არის პატარა ციფრი, თან ეს ციფრი ხასიათდება მზარდი ტენდენციით, იმიტომ რომ თანდათან დაიწყო ხმის ამოღება, მაგრამ სისტემა თუ არ დახვდა მზად ამ პრობლემას და ადეკვატური რეაგირება არ იქნა, შესაძლოა აღარც დავრეკო",-აცხადებს ბაია პატარაია.
ბაია პატარაიას თქმით, მეუღლის მხრიდან ძალდობის მხვერპლი ქალი ხშირად ძალადობას ექვემდებარება უფრო ფართო საზოგადოებაშიც. ხშირია შემთხვევა, როცა ქალს გვერდით დგომის ნაცვლად კიცხავენ ოჯახის დანგრევისა და პოლიციაში ჩივილის გამო. პატარაია ამბობს, რომ ზოგიერთ შემთვევაში ძალადობის მსხვერპლზე ზეგავლენა იმდენად დიდია, რომ ისინი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობენ, რაც უკვე სავარაუდო მოძლადის მიმართ სასამართლოს გამამართლებელ განაჩენებშიც აისახება.
"ყველაზე მძიმე პრობლემა არის ის, რომ როცა ხმას ამოიღებს ხოლმე დაზარალებული ქალი, იმის მაგივრად, რომ ოჯახი და ნათესაობა გვერდში ედგნენ, ამის ნაცვლად მას არცხვენენ და ეუბნებიან, რომ ის არის ოჯახის დამაქცევარი, გაწირა ადამიანი და დაჟინებით თხოვენ რომ როგორმე დაიხსნან მოძალადე ციხისგან. ასეთი შემთხვევები სამწუხაროდ, ძალიან ხშირია.
ხდება ხოლმე ისე, რომ იმდენად ძალადობს ქალზე საზოგადოება, რომ ქალი აღარ იღებს ხმას ქმრის წინააღმდეგ, საერთოდ აღარ იძლევა ჩვენებას და დგება გამამართლებელი განაჩენი, იმიტომ რომ არ არის საკმარისი სამხილები მოძალადეს წინააღმდეგ. როცა ასე ხდება და მსხვერპლი ცვლის ჩვენებას, ეს ნიშნავს, რომ ის კიდევ დაუქვემდებარეს ძალადობას უკვე ფართო საზოგადოებამ, ნათესაობამ და ოჯახობამ და აიძულეს გაჩუმება. ეს პრობლემა ძალიან ხშირად არის ჩვენს სასამართლო სისტემაში. ხშირია, როცა საზოგადოება ძალადობს ქალზე და აიძულებს თავისი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და ყველა ღირსების ფასად ის გამოიყვანოს ციხიდან",-აცხადებს ბაია პატარაია.
ბოლო დროს საკანონმდებლო ცვლიელებებს ამ კუთხით ბაია პატარაია დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ პრობლემა კანონების აღსრულებაშია. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ეფექტურად ვერ მუშაობს, რადგან შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს და სპეციალური დანაყოფის შექმნის საჭიროებას ხედავს.
"ცვლილებები საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდება ხოლმე ჩვენს კანონმდებლობაში და აბსოლუტურად მისასალმებელია, მაგრამ პრობლემა გვაქვს ამ კანონების აღსრულებასთან, კარგ კანონს სჭირდება ეფექტური აღსრულება, აღსრულებაში მაინც გვიჭირს და როცა ჩვენ ვეუბნებით შსს-ს ,რომ საჭიროა სპეციალური დანაყოფის შექმნა, რომელიც იქნება სპეციალიზირებული ქალთა მიმართ ძალადობაზე და ეცოდინებათ როგორ გაართვან ამას თავი, მუდმივად მოდის იქიდან უარი მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხებთანაც არ არის დაკავშირებული, ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ესეთი დანაყოფის შექმნის შემთხვევაში თვითონ გამოყოს თანხები საწყის ეტაპზე, მაგრამ შსს სამწუხაროდ ცივ უარზეა, მათი ჯიუტი დამოკიდებულება ჩვენთვის გაუგებარი და აუხსნელია, იმიტომ რომ ფაქტი ცალსახაა, შსს-ს აკლია კომპეტენცია და რიგითი პოლიციელები ვერ ართმევენ თავს ესეთ შედარებით უფრო რთულ შემთხვევებს",-აცხადებს ბაია პატარაია.
უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში სტერეოტიპების დასანგრევად და მიდგომების შესაცვლელად ბოლო დროს წარმოებული კამპანიები საკმარისი არაა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა სკოლაში, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებში უნდა აისახოს.
"კამპანია რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი, ამას სჭირდება ძალიან სერიოზული განათლება, რაც სკოლის დონეზე უნდა დაიწყოს, არანაირი სწავლება არ მიდის ოჯახში ძალადობა რა არის, რა პრობლემაა და როგორ უნდა გაუმკლავდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია მედიის როლი, სწორად გაშუქება, პრობლემის წარმოჩენა. ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ყველას ერთად, რომ დაზარალებულ ქალებს კიდევ უფრო მეტად არ ვაგდებდეთ საფრთხეში ჩვენ თვითონ.
მე ძალიან ბევრი დედა მინახავს ატირებული, რომელსაც შვილი მოუკლეს და ამბობს, რომ ჩემს გამო მოკლეს, ჩემი ბრალია, რომ მოკლეს, იმიტომ რომ როცა ჩემი შვილი დახმარებას ითხოვდა, მე მას ზურგი ვაქციე და ვეუბნებოდი, რომ შეურიგდი ქმარს. ასეთი ბევრი ატირებული დედა მინახავს, ეს არის ძალიან მწარე გაკვეთილი, მაგრამ რომ გითხრათ, რომ საზოგადოება კარგად ვსწავლობთ ამ გაკვეთილების ფონზე, არა, ჩვენი საზოგადოება ისევ მხოლოდ და მხოლოდ მოძალადეს იცავს და არ თანაუგრძნობს მსხვერპლს. ამას სჭირდება გრძელვადიანი საგანმანათლებლო პროგრამები, ბევრი საუბარი და დისკუსია",-აცხადებს ბაია პატარაია.
მამაკაცი რომელიც ცოლზე ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა, დაკავებულია