- Advertisement -

პოლონეთის სეიმის წევრი: სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ წერილი არ მიგვიღია

403

 

პოლონეთის სეიმის წევრი მალგოჟატა მარია გოსიევსკა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ, მისი პოლონეთის ვიზიტის თემას თავის ფეისბუქზე ეხმიანება.

პოლონელი პოლიტიკოსის თქმით, პოლონეთის არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ.

"გაცნობებთ, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, პოლონეთის არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ.

ბატონი პრეზიდენტი სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის და პოლონელების მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და მოქალაქეები მას ეპყრობიან იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პოლონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში.

დავამატებ, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა პოლონეთში, როგორც საჯარო-პოლიტიკური-ეკონომიკური რეფორმების, ასევე საქართველოს, NATO-სა და UE-ის ქვეყნების ოჯახში შეყვანისათვის, ასევე იმ გზის გაგრძელებისათვის, რომელიც მომავალში ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით უნდა დასრულდეს.

კეთილგანწყობა და პატივისცემა, რითაც პოლონელები განმსჭვალულნი არიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არის საყოველთაო და არ არის დამოკიდებული შიდა დაყოფებისა თუ პოლიტიკური სიმპათიებისგან.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერი ქმედებისას საჭიროა სიტუაციის ძირფესვიანი გაანალიზება, რათა არ იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც პოლონეთში არ იქნება მოწონებული", – წერს მალგოჟატა მარია გოსიევსკა.

Comments
Loading...