- Advertisement -

პრეზიდენტის პრ-ის უფროსმა ყოფილთან შედარებით 18-ჯერ ნაკლები სამივლინებო თანხა დახარჯა

386

პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ახლანდელ უფროსს ყოფილთან შედარებით მოცემულ 8 თვიან პერიოდში 18.68-ჯერ ნაკლები თანხა აქვს დახარჯული მივლინებებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ, – ამის შესახებ "აიპრესს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის თინათინ მჟავანაძის სამივლინებო თანხებმა ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში – 8 თვეში 49 816 ლარი შეადგინა.

საქმე ეხება ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის 8 თვიან პერიოდს, 2016 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით. მას ყველაზე მეტი სამივლინებო თანხა მარტში აქვს დახარჯული – 18 406 ლარი. მჟავანაძე აღნიშნულ თანამდებობას სწორედ გასული წლის აგვისტოს ჩათვლით იკავებდა.

რაც შეეხება მის შემცვლელს, სოფო ჯაჯანაშვილს. მოწოდებული ინფორმაციით, ასევე 8 თვეში – 2017 წლის 1 იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით მხოლოდ 2 666 ლარი აქვს დახარჯული საზღვარგარეთ მივლინებებში. ჯაჯანაშვილი ამ თანამდებობაზე 2017 წლის 1 იანვრიდან მუშაობს.

რითია განპირობებული ამხელა სხვაობა, ეს მოწოდებულ ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის.

ცნობისთვის, "აიპრესმა" პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები 2016 წლის 1 იანვრიდან, 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით გამოითხოვა. 

Comments
Loading...