- Advertisement -

პრეზიდენტი: რა მიზნითაც მინდოდა კომისიაში ჩართვა, ამას ვახორციელებ ქართველ ხალხთან ერთად

641

საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში შეხვედრები გამართა თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

ქვეყნის პირველმა პირმა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებები მოისმინა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის სულისკვეთება საქართველოს თითოეული მოქალაქის თანხმობაა ძირითადი თამაშის წესების შესახებ.

"ჩვენ მოვისმინეთ რა აინტერესებს ხალხს, რა შეკვეთით არის ქართული საზოგადოება ჩვენი ძირითადი დოკუმენტის კონსტიტუციის მიმართ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ახალგაზრდების აზრი და რამდენიმე ძალიან საინტერესო მოსაზრება რა უნდა ეწეროს კონსტიტუციაში. ამ მოსაზრებებს ბუნებრივია მთელ საზოგადოებას გავუზიარებთ და იქნება კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ, რას უპასუხებს პრეზიდენტი მისი კამპანიის შესახებ მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რაზეც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ სურს ქართულ საზოგადოებას უთხრას, რომ აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციის განხილვის პროცესში. 

"ეს პროცესი არის იმის თაობაზე საუბარი რა გვინდა რომ ვიხილოთ კონსტიტუციაში, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიხილავთ არც არსებულ კონსტიტუციას, არც ვიხილავთ სხვა მოდელს, ვსაუბრობთ იმის თაობაზე, როგორ უნდა შევქმნათ უფრო ერთიანი, უფრო ძლიერი, უფრო სამართლებრივი სახელმწიფო",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

კითხვაზე ჩაერთვება თუ არა კომისიის მუშაობაში, მან განაცხადა, რომ ამის თაობაზე განცხადება უკვე გაკეთებული აქვს და ახსნილი აქვს ის მიზეზი, რატომაც უნდოდა თანათავმჯდომარეობა. 

იმისთვის რომ საზოგადოება ჩამერთო ამ პროცესში, ამას ვაკეთებ კიდევაც, მე მინდოდა კომისიაში ჩართვა არა მარტო ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, არამედ იმ მანდატით რომელიც მაქვს, ხალხის სახელით. მე ამას ვაკეთებ, დღეს ისმის ხალხის ხმა. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები მას ისმენენ უშუალოდაც, როგორც ამ შეხვედრების მონაწილეები, ასევე ამ ხმას ისმენენ მედიის საშუალებითაც. რა მიზანიც მქონდა რომ ხალხი ყოფილიყო ამ პროცესში ჩართული და ეს პროცესი არ წარმართულიყო დახურულ კარს მიღმა, იმ მიზანს მე ვახორციელებ ქართველ ხალხთან ერთად",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტი კამპანიის ფარგლებში ჩასვლას ყველა რეგიონში გეგმავს.

Comments
Loading...