- Advertisement -

პრეზიდენტი: საერთაშორისო საზოგადოება რუსთავი 2-ის პროცესს პოლიტიკურ პროცესად ხედავს

703

პრეზიდენტი რუსთავი 2-თან დაკავშირებით, ყველა მხარეს მოუწოდებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაელოდონ და არ გადადგან მყისიერი ნაბიჯები. მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა რუსთავი 2-ის პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს.

"პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა, 2015 წლის 22 ოქტომბერს მაშინდელი პრემიერმინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტიურად დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე. მაშინ მე დამჭირდა ძლიან მკაფიო განცხადებების გაკეთება იმისთვის, რომ პროცესი ქუჩიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან გადმოგვეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში. 

მას მერე პოლიტკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებაში მუდმივად პროცესის პოლიტიზირებას ახორციელებდა. 

არ ვეხები რა კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას, მინდა ნათლად ვუთხრა საზოგადოებას, რომ რუსთავი 2 არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე როგორც ნესბისმიერი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს, ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკული და განსხვავებული აზრის დაფიქსირება კიდევ დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ფაქტიურად ორი წლის განმავლობაში ყველა ჩემს შეხვედრაზე რომელიც მქონდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან რუსთავი 2 -ის თემა იყო წამოწეული და მე მქონდა აუცილებლობა, რომ ამ თემებთან დაკავშირებით როგორც ჩემი პოზიცია გამეხმოვანებინა, ასევე მიმეცა კომენტარები.

საერთაშორისო თანამეგობრობაც რეალურად რუსთავი 2-ის პროცესს არა უბრალოდ სამართლებრივ დავად, არამედ პოლიტიკურ პროცესად ხედავს, ხედავს პროცესად რომელიც გავლენას ახდენს საქართელოში მედიის თავისუფლების გარემოსა და პრულარიტულ გარემოზე. იგივე ნათლად დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ, როცა გამოხატა თავისი მხარდაჭერა ამ არხის დამოუკიდებლობის მიმართ.

მინდა ყველას გავახსენო 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმებისთვის მიცემული ბრძანების ფონზე მოხდა იმედის დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დემოკრატიისთვის, ფაქტიურად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისა და პროვოკაციისგან თავის შეკავებისკენ. 

თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები",-განაცხადა პრეზიდენტმა. 

Comments
Loading...