- Advertisement -

პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას: სასწრაფოდ ჩაერთეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში 

23

“ახალი და მრავალმხრივი საფრთხეების გარდა საქართველოს მთავარი და ყოველდღიური უსაფრთხოების გამოწვევად რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე კონტროლის არ ქონა. ეს ოკუპაცია ნიშნავს რუსეთთან მუდმივ დაძაბულობას, დაუსრულებელ ინციდენტებს, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს უფრო სახიფათო სიტუაციაში; საქართველო მუდმივად ცდილობს მათ თავიდან აცილებას, ვინაიდან ცალმხრივად აქვს უარი ძალის გამოყენებაზე. მაგრამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის არსებულ ჰუმანიტარულ გაჭირვებას შეუძლია ნებისმიერ დროს საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და მშვიდობიან განვითარებას. მხოლოდ წინა კვირას ორი ჰუმანიტარული ტრაგედია განვითარდა: მარგო მათიაშვილი გარდაიცვალა, ვინაიდან გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს და ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება, მეორე ქალი – თამარ გიგაური იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, რადგან ძალით გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში, სადაც ის ვერ იღებს ისეთ სამედიცინო დახმარებას, რაც მხოლოდ საოკუპაციო ხაზის აქეთ მხარეს არის ხელმისაწვდომი.
მე მინდა ეს ფორუმი გამოვიყენო და თქვენი მეშვეობით მივმართო საერთაშორისო საზოგადოებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანა-თავმჯდომარეებს, რომ სასწრაფოდ ჩაერთონ ამ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში და მოძებნონ ეფექტური გადაწყვეტის გზები. ადეკვატური პასუხის არარსებობა ამ სიტუაციაში, რაც 2008 წლის მერე გრძელდება, თავად წარმოადგენს უსაფრთხოების გამოწვევას. მოსახლეობის უიმედობას და გაჭირვებას შეიძლება მოყვეს ინციდენტები, რომელთა თავიდან აცილება და კონტროლი ჩვენს საერთო ინტერესშია. რუსეთი უნდა დავარწმუნოთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაში და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვიძიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზების გადაწყვეტის შესაძლებლობები ჟენევის, სხვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.
რეგიონში ხანგრძლივი უსაფრთხოების მიღწევის ეს ერთადერთი გზა არსებობს. საქართველოს პასუხი ამ გამოწვევებზე მის თავდაცვის პოლიტიკაში და ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებაშია.
საქართველოსთვის თავდაცვის პოლიტიკა ნიშნავს ნატოს, როგორც უსაფრთხოების მთავარი უზრუნველმყოფის, „ღია კართან“ მაქსიმალური მიახლოვებაა. ინტეგრაციის ეს პროცესი დღეს არის კონსტიტუციით გარანტირებული, მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილი და შეუქცევადი. ეს პროცესი არა მარტო მომავალს გვპირდება, არამედ უკვე აძლევს ქართულ შეიარაღებულ ძალებს გაზარდოს თავისი თავდაცვისუნარიანობა. ერთობლივად ჩვენ განვახორციელეთ მრავალ წვრთნა, წარმატებით დავასრულეთ ნატო საქართველოს არსებითი პაკეტი და ახალი ფაზის დაწყებისთვის ვემზადებით, აგრეთვე ინტენსიური ორმხრივი თანამშრომლობა გვაქვს პარტნიორებთან. ამ პროცესში საქართველოს თავისი სრული წილი შეაქვს როგორც თავდაცვის საჭიროებებზე მშპ-ს 2%-ის ხარჯვით, ისე სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკასა და მალიში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, კონფერენციზე 2 დღის განმავლობაში, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესი და გაწევრიანების პერსპექტივები, ჰიბრიდული საფრთხეები და საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
The post პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას: სასწრაფოდ ჩაერთეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ტრაგედიაში  appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...