"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება არის ჩვენს სიმტკიცესა და ურყეობაში", – ამის შესახებ საქართველოს პეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდში დაღუპული გმირების საფლავთან განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
„2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს ამ საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს, ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც იყო საქართველოს ოკუპაციის სახით, გაამართლოს რაიმე სახის შეცდომით თუ გადაცდომით და რაღაცით ახსნას ეს უსამართლობა. ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები , ასევე მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს ან არანაირ თხრილს, არანაირ „ავტომატიან-კალაშნიკოვიან“ ადამიანს საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. დაბრუნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა არის ჩვენს სიმტკიცესა და ურყეობაში, არაფრისდიდებით არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე, თითქოს საქართველო რაიმენაირად იყოს რაიმე ფორმით გაყოფილი ან რაიმე ფორმით შერყეული. საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე და ასე იქნება და ამით ჩვენ მივაღწევთ ჩვენი ტერიტორების მთლიანობას და სუვერენიტეტს“ -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.