- Advertisement -

პრეზიდენტი: სახელწმიფოს ექნება ძალიან ნათელი და მკაცრი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე

569

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არავის აქვს უფლება ძალადობის გამოვლინებით ესაუბროს თანამოქალაქეებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განუცხადა. მისივე თქმით, მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს ძალიან მკაცრი პოზიცია ექნება. 

"მე არა ვარ გამომძიებელი და ბუნებრივია, ზუსტ პოზიციას ვერ დაგიფიქსირებთ, მაგრამ როდესაც იწყება ძალადობა, იქ ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს, არც ერთ ადამიანს საქართველოში არა აქვს უფლება ძალადობით, ვანდალიზმით ესაუბროს თავის მოქალაქეებს და ესაუბროს სახელმწიფო ინსტიტუტებს. 

ადამიანები, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდნენ უნდა იყვნენ ყველა უკლებრილივ აღმოჩენილები, დაკავებულები და მათ მიმართ უნდა განხორციელდეს ძალიან პრინციპული პოზიცია და სასჯელიც უნდა იყოს პრინციპული და სამაგალითოც. 

ესეთი ვითარება რომ მიტინგი გადაიზარდოს უცებ ვანდალიზმში და მანქანების დაწვაში, ეს არ არის ქართულ პოლიტიკური კულტურა. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე მიტინგზე, ისე ვახერხებდით ამის გაკეთებას, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია. პოლიტიკური თვითგამოხატვის კულტურა და აზრის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია, მაგრამ იცოდეთ, სახელწმიფოს ექნება ძალიან ნათელი და მკაცრი პოზიცია ნებისმიერ ძალადობაზე",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

Comments
Loading...