საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტს ხელი მოაწერა.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, რომელსაც ფარული მოსმენა-მიყურადების უფლებამოსილება ექნება.
სააგენტოს უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი. სააგენტოს უფროსის კანდიდატი შეირჩევა სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც შედგება შვიდი წევრისგან. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიან: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – კომისიის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; სახალხო დამცველი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, აღნიშნულ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გადაუგზავნა. თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ამავე თემაზე: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები "მოსმენების შესახებ" კანონპროექტზე.