- Advertisement -

პრემიერი ამერიკაში ქართული დელეგაციის ვიზიტს წარმატებულს უწოდებს

322

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართული დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი შეაფასა და მას ძალიან წარმატებული უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა.

"მინდა შევეხო საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენმა დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 11-15 ოქტომბერს ჩაატარა ძალიან წარმატებული ვიზიტი აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობის კუთხით, მაგრამ ეს ვიზიტი არ შემოიფარგლება ამ შეხვედრებით. იყო შეხვედრები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ისე სარეიტინგო კომპანიებთან, კონგრესის წარმომადგენლებთან. მთლიანი ლაიტმოტივი ამ შეხვედრების იყო საქართველოს წარმატება და ის, რომ საქართველო არის ნამდვილად რეფორმების კუთხით ლიდერი რეგიონი. ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით, სახელმწიფომ განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და 2017 წლის დასაწყისში დაწყებული უმნიშვნელოვანესი ფისკალური და საგადასახადო რეფორმა წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ქვეყანაში",- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, "აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სირილ მიულერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების დადებითი ტემპი იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს და მსოფლიო ბანკი მუშაობს საქართველოსთან თანამშორმლობის 5-წლიანი ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე".

"ამ დოკუმენტის მთავარი მიმართულებები, რეგიონულ განვითარებასთან ერთად, იქნება განათლება და ინოვაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, გამოთქვეს მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. არის ძალიან კარგი გეგმები სისტემური განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან 2018 წლის მესამე კვარტლიდან საქართველოში მუშაობას დაიწყებს საპენსიო სისტემის დამატებითი მოდელი, რომელიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს და ამის პარალელურად კაპიტალის ბაზრის ახალი პროექტის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის თქმით, "კომპანიებმა – "ჯეიპი მორგანმა“ და Deutsche Bank-მა გამოხატეს ინტერესი, რომ საფონდო ინსტრუმენტების განვითარებისა და საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით საქართველოსთან ითანამშრომლონ, რაც ძალიან მნიშნელოვანია.

პრემიერის განცხადებით, moody’s-ს სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს საკრედიტო სუვერენული რეიტინგი ერთი საფეხურით ასწია – Ba3-დან Ba 2-მდე.

კვირიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო დელეგაციის შეხვედრა სარეიტინგო სააგენტოებთან, რადგან მნიშვნელოვანია მათ მიწოდოთ სრული ინფორმაცია, რათა მათ ჰქონდეთ აღქმა იმ პოზიტიური ცვლილებების და პროცესების, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

"ასევე მნიშვნელოვანი იყო კონგრესში შეხვედრები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ს კონგრესის. მინდა მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთის ქვეყანას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა დაუწევს საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეფასებები. შეფასებები იყო ძალიან პოზიტიური. ის, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არის ჯანსაღი, კორუფციის ინდექსი არის დაბალი და საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვის და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის კონკრეტულად კონგრესმენ დევიდ პრაისის სიტყვები. მე მოხარული ვარ, რომ ასეთი შეფასებები კეთდება", – განაცხადა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვლმა საქართველოს დელეგაციას, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, მადლობა გადაუხადა.

"დელეგაციაში იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ქვეყნისთვის საინტერესო ძალიან ბევრ შეხვედრაში. ერთი მხრივ, ძალიან კარგი კოორდინაცია მთავრობასა და ეორვნულ ბანკს შორის და მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა, არის სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველთაგანი, რომელიც ქმნის ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ძალიან მნიშვნელოვან საძირკველს. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი გვაქვს ქვეყანაში სამუშაო იმისთვის, რომ ეკონომიკური ცხოვრების დონე ავწიოთ, მაგრამ მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ტენდენცია, რომელიც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას, ძალიან ჯანსაღი და დადებითია. ამ ტენდენციით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში თვისობრივად შეიცვალოს ცხოვრების დონე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საფუძველი, რომელიც ჩაყრილია, აუცილებად იმუშებს",- განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...