- Advertisement -

პრემიერი: არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რასაც გასული დღეების განმავლობაში ვხედავთ თბილისის მერიაში

341

უდიდესი უსამართლობა – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "პანორამა თბილისის" პროექტთან დაკავშირებით ოპონენტების ბოლოდროინდელი განცხადებები და ქმედებები დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ტურიზმის თემაზე გაიმართა.

პრემიერის შეფასებით, სიმართლე არის ერთი რამ – თბილისში ხორციელდება უპრეცედენტო, ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე, ყველასათვის ხელმისაწვდომ 400 ათას კვადრატულ მეტრ მწვანე სივრცეს, სასეირნო თუ სარბენი ბილიკებით, რეკრეაციული ზონით, რაზეც მმართველი გუნდი უარს არ იტყვის.

"არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რასაც გასული დღეების განმავლობაში ვხედავთ თბილისის მერიაში. არსებობს პოლიტიკური უსინდისობა, არსებობს ადამიანური უსინდისობა და არსებობს ამ ყველაფრის ზღვარი. რასაც ჩვენ ვხედავთ, არიან ამ ზღვარს იქით გადასული ადამიანები. მე მათ პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ, რადგან ისინი არიან აშკარად წარსულის პოლიტიკოსები, გაკოტრებული პარტიის და გაკოტრებული ლიდერის მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ ამ ტყუილით და უსინდისობით მიიპყრონ კიდევ ყურადღება", – განაცხადა პრემიერმა.

29 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე ტერიტორიებისთვის ზონის სტატუსის შეცვლის სტატუსს განიხილავდნენ, რაც გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა თბილისის მერიასთან გააპროტესტეს.

Comments
Loading...