- Advertisement -

პრემიერი: აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია

559

აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიზნესსაბჭოს განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით და პირადად მამუკა წერეთელს საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

"2017 წელს აღინიშნება აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილეს – ამერიკა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო; ჩვენ მივესალმებით ამერიკის უცვლელ პოზიციას საქართველოს საგარეო მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. გასული 25 წელი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს, როგორც სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყნიდან იმ სახელმწიფოდ გადასაქცევად, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ საკუთარ თავს არ მივიჩნევთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკად და ამით სხვა სახელმწიფოებისათვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვსურს – ჩვენ გვინდა, საქართველო აღიქმებოდეს როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოა მრავალი ობიექტური კრიტერიუმის თანახმადაც, რომელთა შორისაა დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელი, ეკონომიკური დინამიკურობის ინდიკატორი და ქვეყნის მდგრადობა სწორი მიმართულებით განვითარების პროცესში.

"საქართველო მართლაც გარდაიქმნა – ეს იყო სახელმწიფო კორუფციის მაღალი დონით, ბიზნესისთვის ნაკლებად მისაღები გარემოთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნის სხვა ტიპიური მახასიათებლებით. დღეს ჩვენ ვამაყობთ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით განხორციელებული წინსვლით, ბიზნესის კეთების სიმარტივით. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებს – ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან, ოკუპაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საქართველო საკუთარი თავის წარდგენას განსხვავებული მეთოდებით ცდილობს; ის ცდილობს, წარმოაჩინოს თავი, როგორც შესაძლებლობების ქვეყანამ. გამოწვევები, რა თქმა უნდა, განაგრძობს არსებობას და ჩვენ მათ უნდა გავუმკლავდეთ. საქართველოს ორი განსხვავებული მდგომარეობის წარმოჩენისას ჩვენ მაქსიმალური ბალანსის დაცვას ვცდილობთ – ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ საჭიროებს თავისი სტრატეგიული პარტნიორების დიდ დახმარებას, თუმცა ამავდროულად, წარმოადგენს ადგილს, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაფართოების შესაძლებლობას აძლევს ამერიკულ კომპანიებს. ესაა სახელმწიფო, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს, თუმცა ის უბრალო დამაკავშირებელი რგოლი არაა, ის არის დასავლეთის პარტნიორი, რომელიც მზადაა, გახდეს მსოფლიოს აღმოსავლეთ ნაწილთან დამაკავშირებელი გზა", – აღნიშნა პრემიერმა.

ამ კუთხით არსებულ ინიციატივებზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის "ერთი სარტყელი – ერთი გზის" ინიციატივას, რომლის ფარგლებში ახალი აბრეშუმის გზა იქმნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებულია არაერთი პროექტი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, ახალი პორტების მშენებლობა და ძველების გაფართოება და ა.შ.

"აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, განვამტკიცოთ საქართველოს, როგორც სტაბილური, სანდო, პრინციპებზე დაფუძნებული, ბიზნესსაზოგადოების სანდო და ერთგული პარტნიორი ქვეყნის იმიჯი", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომლის შედეგად, საქართველო განვითარების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს.

"ოთხი წლის მანძილზე, საიდანაც ერთი წელი უკვე გავიდა, პროექტი, რეფორმების გეგმა სტრატეგიულ სფეროებში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას ისახავს მიზნად. ამ სფეროებს შორისაა განათლების სექტორი – ამ კუთხით პროექტი უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული საბჭოთა გადმონაშთებისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს და მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პოტენციურად უმუშევარი კურსდამთავრებულების გამოშვების აღკვეთას, პროფესიული განათლების მნიშვნელობის გაზრდას, დასაქმებასა და განათლებას შორის მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას, დუალური განათლების გერმანული, შვეიცარული და ავსტრიული მოდელის დანერგვას, რაც კერძო სექტორთან თანამშრომლობის გზით ერთდროულ სწავლასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას ითვალისწინებს და ასევე ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის დისტანციური სწავლების მეთოდის დანერგვას ქვეყნის შორეულ რეგიონებში არსებულ სკოლებში. ამ მიზნით ჩვენ ვქმნით ციფრულ-ოპტიკური კავშირგაბმულობის ქსელს და უკვე წელიწადნახევარში 2000-ზე მეტი მცირე ზომის ქალაქსა და სოფელს ექნება წვდომა მაღალი სიჩქარის ინტერნეტთან, რაც საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის ყველაზე შორეულ სოფლებშიც კი უზრუნველვყოთ მოსწავლეების კავშირი საუკეთესო დონის მასწავლებლებთან", – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება მმართველობის სფეროა, რაც გულისხმობს ორი კუთხით განვითარებას – პირველში მოიაზრება მომსახურებაზე ორიენტირებული მმართველობა, რომელიც მიზნად ისახავს ერთი ფანჯრის პრინციპის გამოყენებას არა მარტო ფიზიკური პირებისათვის საჭირო მომსახურების მიწოდების პროცესში, რაც უკვე დანერგილია საქართველოს იუსტიციის სახლებში, არამედ იურიდიული პირებისა და კომპანიებისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდების დროსაც.

"ამ გზით ნებისმიერ იურიდიულ პირს ექნება სახელმწიფო სერვისებით ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ელექტრონული მმართველობის პლატფორმა – ამ კუთხით ჩვენ არა მხოლოდ ვქმნით ერთიან წარმომადგენლობით ოფისს ყველა სამთავრობო სტრუქტურისათვის, არამედ ვაუქმებთ მათ არსებულ ფრონტ-ოფისებს, რომელთა მეშვეობითაც იურიდიული პირები იღებენ სახელმწიფო სერვისებს. კერძოდ, ჩვენ ვაერთიანებთ ცალკეულ სამთავრობო სტრუქტურაში არსებულ ფრონტ ოფისებს ერთ სივრცეში, ერთიანი ელექტრონული მმართველობის პლატფორმის ქვეშ. ეს მართლაც რევოლუციური შინაარსის ცვლილებაა, რის შედეგადაც ვიღებთ სერვისების მიწოდების ხარისხის, სამთავრობო სექტორის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებასა და კორუფციის ისედაც დაბალი რისკების სრულიად აღმოფხვრას. სრულიად იცვლება ბიზნესსაზოგადოებისათვის საჭირო მომსახურებების ხარისხი. ამ სფეროს რეფორმის კიდევ ერთ მიმართულებას ჩართულობაზე დაფუძნებული მმართველობა წარმოადგენს – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით პროცესი უკვე დაიწყო. ჩვენ შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომელიც აერთიანებს უდიდესი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ბიზნესასოციაციებს, სავაჭრო პალატასა და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს. საბჭოს შეხვედრებზე წინასწარ განიხილება ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება და ნებისმიერი აქტუალური საკითხი, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი სიურპრიზები, რომელთაც ბიზნესსაზოგადოების საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეთ. ამ გზით ბიზნესგარემო უფრო წინასწარ განჭვრეტადი ხდება. ჩვენ ასევე ვქმნით მსგავს პლატფორმას სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მიზნად ვისახავთ ამ ფორმატისათვის ოფიციალური ფორმის მიცემას. ჩვენ შევქმნით ანალოგიურ პლატფორმას აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ინოვაციით დაინტერესებულ პირთათვის. მსგავსი ფორმატის შექმნას ვგეგმავთ პოლიტიკური პარტიებისთვისაც – ეს ალბათ ყველაზე რთული წამოწყებაა, თუმცა ამას განვახორციელებთ", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, როგორც რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან გაუქმდა მოგების გადასახადი და გადახდას მხოლოდ დივიდენდის სახით მიღებული შემოსავალი ექვემდებარება.

"საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად უკვე შევქმენით სტარტაპების ხელშეწყობაზე ორიენტირებული დაწესებულება. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო ლიდერები შესაბამისი გამოცდილებით, მათ შორის „სილიკონის ველის“ 12 წარმატებული აღმასრულებელი დირექტორი ერთი თვის განმავლობაში სტუმრობდა საქართველოს და ატრენინგებდა ადგილობრივ დაწყებ მეწარმეებს. ეს ამ უმნიშვნელოვანესი პროგრამის ძალიან წარმატებული დასაწყისი იყო და მიზნად ისახავდა ათეულობით სტარტაპერისათვის არამარტო საჭირო ფინანსების გამოყოფას და ამ ეტაპზე უკვე 60-ზე მეტი დამწყები ბიზნესი ამოქმედდა, არამედ ახალგაზრდა თაობაში ბიზნეს სულისკვეთების წახალისებას. ეკონომიკური რეფორმების კუთხით უკვე წამოვიწყეთ საპენსიო სისტემის რეფორმაც. მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ჩვენ საპენსიო სისტემის რეფორმის მეორე ეტაპს განვახორციელებთ. სავალდებულო დაგროვებაზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა, ერთი მხრივ, სათანადო ცხოვრების პირობებით უზრუნველყოფს მომავალ პენსიონერებს, ხოლო მეორე მხრივ, დაუყოვნებლივ შექმნის ასობით მილიონი ლარის ადგილობრივ, გრძელვადიან საინვესტიციო კაპიტალს. ამ რესურსების ათვისების მიზნით ჩვენ ასევე წამოვიწყეთ კაპიტალის სისტემის რეფორმა. ერთ წელიწადში ადგილობრივი საფონდო ბირჟა დაუკავშირდება ერთ-ერთ ევროპულ პლატფორმას. სავარაუდო პარტნიორებს შორის, ამ ეტაპზე მოიაზრება ვარშავის, ვენის ან ლონდონის საფონდო ბირჟები – ჩვენ ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ, რათა გავზარდოთ საქართველოში არსებული ფასიანი ქაღალდების ხილვადობა და სანდოობის ხარისხი გლობალურ ფინანსურ ქსელებში, ევროპელი და გლობალური ინვესტორებისათვის და პირიქით. ეს არის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც, როგორც აღვნიშნე საქართველოს განვითარების ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. საქართველოს ექნება სიცოცხლისუნარიანი საფონდო ბირჟა; შეიქმნება ეროვნული ვალუტის ადგილობრივი წყარო გრძელვადიანი ინვესტიციების განსახორციელებლად და რა თქმა უნდა, ამ რეფორმის შედეგად პენსიონერთა ფინანსური ტვირთი სახელმწიფო ბალანსიდან კერძო სექტორზე გადაინაცვლებს", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მეოთხე, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით, არანაკლებ მნიშვნელოვანი რეფორმა, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქვეყნის სივრცითი მოწყობის სფეროს ეხება, რაც ინფრასტრუქტურის სწრაფ მოდერნიზაციას გულისხმობს.

"ამ კუთხით ჩვენ წელს უკვე 30%-ით გავზარდეთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილი რესურსების მოცულობა. მომავალი წლისთვის ამ სფეროზე გამოყოფილი დაფინანსების გაორმაგებას ვგეგმავთ. ჩვენ მრავალ პროექტს ერთდროულად ჩავუყარეთ საფუძველი. ეს პროექტები ამ ეტაპზე მიზანშეწონილობის შეფასებისა და შემუშავების პროცესშია. მომავალი წლის თებერვალ-მარტიდან შეგვეძლება ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი რაოდენობა წამოვიწყოთ. ამას თავისთავად, უდიდესი დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტი საირიგაციო სისტემის, ელექტრონული გადაცემის ხაზების მნიშვნელოვან მოდერნიზაციასა და განვითარებას ისახავს მიზნად. პროცესი საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის შედეგად, ტურისტული ზონების განვითარების მიზნით ხორციელდება. ამ რეფორმების ტრანსფორმაციულ ბუნებაში ეჭვი არ მეპარება. ისინი მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდის ტემპების გაზრდას, დინამიზმის შემოტანას; საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ამერიკელ ინვესტორთა მოზიდვას საქართველოში. საქართველოს პორტები ქვეყნის, მისი ეკონომიკის, ტრანზიტული ფუნქციების განვითარების წინაპირობაა. ძალიან ვამაყობთ სტრატეგიული, ერთგვარად ათასწლეულის პროექტით – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით, რომელიც უამრავ ამერიკელ ინვესტორს მოიზიდავს საქართველოში. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი ინვესტორი, საქართველოში დაფუძნებულ მსხვილ საბანკო ჯგუფ TBC-სთან ერთად, ნიუ ჯერსიში დაფუძნებული საინჟინრო კომპანია Conti Group-იცაა. მოხარულნი ვართ, რომ ამ სტრატეგიული პროექტის – ანაკლიის პორტის ოპერირების კუთხით დაინტერესება გამოთქვა კიდევ ერთმა მოწინავე ამერიკულმა კომპანიამ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებით გვიხარია ამ პროექტის წარმატებული განხორციელება. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევიტყობთ პორტის ოპერირებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დასრულების შედეგებს. თუმცა, აღსანიშნავია უკვე არსებული, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფოთისა და ბათუმის პორტები, რომლებიც ასევე შეუწყობენ ხელს საქართველოს საზღვაო, სატრანზიტო შესაძლებლობების განვითარებას", – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, საქართველო აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთის წერტილში მდებარეობს; შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიესალმება ამერიკული კომპანიების უფრო დიდ რაოდენობას საქართველოში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აშშ-საქართველოს ბიზნესსაბჭო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფრო მეტი ამერიკული კორპორაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის საქართველოში მოზიდვის კუთხით, რათა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა აშშ-ში და კიდევ უფრო მეტი ამერიკული კომპანია ამოქმედდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაგასაყარზე.

"ეს სტრატეგიული მნიშვნელობის მიზანია, რომელსაც შედეგად მეტი სამუშაო ადგილი, უსაფრთხოება და კავშირი უნდა მოჰყვეს. ახლა დროა, პარტნიორობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობის, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის მდგრადი საყრდენი უნდა გახდეს. დიდი მადლობა, რომ ხართ საქართველოს ერთგული მეგობრები, უზრუნველყოფთ მის სწორი მიმართულებით განვითარებას და მხარს უჭერთ ჩვენს ქვეყანას დროის ყველაზე რთულ მონაკვეთებში. საქართველოს ეს ახსოვს. ეს ახსოვს არა მხოლოდ მის მთავრობას, არამედ ხალხს. ჩვენ ვაფასებთ ამ უმნიშვნელოვანეს მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას", – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს საიუბილეო კონფერენციის მონაწილეებს.

Comments
Loading...