პრემიერი: დღეს არ გვაქვს ზეიმისთვის დასაკარგი დრო, ახლა არის მუშაობის დრო

233

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპლების შედეგის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

“მინდა, საქართველოს მივულოცო ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია.

მინდა, თითოეულ მოქალაქეს, ვინც დღეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადავუხადო.  არჩევნებში მონაწილეობის დონე იყო საკმაოდ მაღალი, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ საქართველოში გვაქვს ნამდვილად შემდგარი დემოკრატია.

მინდა, მივულოცო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

ამასთან ერთად, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩვენთვის, როგორც მმართველი ძალისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც პირველი ტურის შედეგები, ასევე, ბუნებრივია – მეორე ტურის შედეგები. ჩვენ მივიღეთ გზავნილი ჩვენი მოქალაქეებისგან და ვიცით, თუ რა არის გასაკეთებელი.

დღეს არ გვაქვს ზეიმისთვის დასაკარგი დრო. ახლა არის მუშაობის დრო და მინდა, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, რაც ქვეყანაში გვაქვს, მზად ვართ, ჩვენს მოქალაქეებსა და საზოგადოებასთან, ერთობლივი ძალისხმევით, გადავლახოთ ყველა პრობლემა და გამოწვევა. ეს არის ჩვენი მიზანი და დამერწმუნეთ, ამას აუცილებლად მივაღწევთ.

მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, Edison Research-მა 17:00 საათის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, გრიგოლ ვაშაძეს 45% აქვს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს – 55%.

GALLUP INTERNATIONAL-მა პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლი ჩაატარა. შედეგები ასე გადანაწილდა:

სალომე ზურაბიშვილი – 58%; გრიგოლ ვაშაძე – 42%

Comments
Loading...