- Advertisement -

პრემიერი: დღეს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ მონაპოვარს

486

"წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ ამ დღეს ჩვენ ვუძღვნით შოთა რუსთაველს და მის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“. ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და, როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ, ვუერთგულოთ და ვიცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის",-ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დამოუკდიებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონიძიებაზე განაცხადა. 

"ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს.

დღევანდელ დღეს მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანამიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს.

დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ევროპამ ფართოდ გაუღო კარი. და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება დრო, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში.
მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს! თქვენ რომ გიყურებთ, ამის რწმენა კიდევ უფრო მემატება! ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ, ძლიერ ქვეყანას და ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ჩვენი ერთიანი სამშობლოთი!
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!
ღმერთი იყოს თქვენი და მთელი საქართველოს მფარველი!",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

Comments
Loading...